სიახლეები

ლევან ყენია : ნაკრებს არანორმალურად ველოდები

გაუზიარე

უკვე ვწერდით, რომ ლევან ყენიამ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა ჩეხეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი, რომელშიც პრაღის სლავიამ 2:2 ითამაშა ტეპლიცესთან. ყენიამ გუშინ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. 

სლავიას მწვრთნელმა მიროსლავ ბერანეკმა განაცხადა, რომ, უბრალოდ, არ გარისკა და ყენიას ტრავმის გართულებას მოერიდა. ჩეხეთში სეზონის განახლების შემდეგ ჯერ ორი ტური გაიმართა და პირველში ლევანმა ძალიან კარგად ითამაშა – ლიბერეცთან 3:1 მოგებულ მატჩს ვგულისხმობთ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძეც დაესწრო. 
ყენიას ჩეხეთში შევეხმიანეთ...

ჩეხური პრესა შენზე მხოლოდ კარგს წერს. თავად რას ფიქრობ, რამდენად კარგ ფორმაში ხარ? 

ამჟამად ფორმაში რომ ვარ, ლიბერეცთან პირველ მატჩშიც გამოჩნდა. მანამდეც, მოსამზადებელ ეტაპზე კარგად ვთამაშობდი, მწვრთნელი კმაყოფილი იყო. თუმცა მოსამატებელი ნამდვილად მაქვს. 

უფრო რა მხრივ გაქვს მოსამატებელი? 

კონდიციები, გამძლეობა. ყოველდღიურად ვმუშაობ, უფრო კარგად რომ ვითამაშო. 

7 მარტს ჩეხეთის ჩემპიონატის ლიდერ პლზენს ხვდებით. ალბათ, თამაშის პრობლემა არ უნდა გქონდეს.  

დიახ, ვითამაშებ. მაგარი მატჩი იქნება, პლზენი მართლაც კარგი გუნდია. 

სლავიას რაიმე კონკრეტული მიზანი აქვს ამ სეზონში? 

უმიზნო კლუბისა და უმიზნო ფეხბურთელისა რა ვთქვი... ევროპის ლიგაზე გასვლა გვსურს. მართალია, მერვე ადგილზე ვართ, მაგრამ მეოთხეადგილოსანი მხოლოდ სამი ქულით გვისწრებს.   

საქართველოს ნაკრებში თამაში მოგენატრებოდა... 

რაღაც არანორმალურად ველოდები, ერთი სული მაქვს, ნაკრებში როდის ვითამაშებ. თანაც, გერმანიის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი. 

კახა ცხადაძე გესაუბრა? 

პირისპირ არ გვისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ ლიბერეცი-სლავიას მატჩს დაესწრო. კახა ცხადაძის სიტყვები გადმომცეს: მთავარია, ჯანმრთელად იყო და სტაბილურად ითამაშოო.   

ილია ნანობაშვილი