სიახლეები

კანკავა და დნიპრო აიაქსს არ უფრთხიან

გაუზიარე

უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დნიპრო ქვეყნის ჩემპიონატში წარმატებულად ასპარეზობის პარალელურად ევროპის ლიგაზეც მშვენივრად თამაშობს და ბერძნული ოლიმპიაკოსის გაგდების შემდეგ მერვედფინალში ამსტერდამის აიაქსთან მოუწევს ორრაუნდიანი პაექრობა.
ამასთან დაკავშირებით უკრაინელმა ჟურნალისტებმა კომენტარი ჩამოართვეს გუნდის ქართველ ლეგიონერ ჯაბა კანკავას: "აიაქსი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და, ბუნებრივია, მათთან თამაში საამაყოა, მაგრამ დანებებას ნამდვილად არ ვაპირებთ. დნიპროში ახლა ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ თანაბრად თამაში. პირველი მატჩი უკრაინაშია და რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში "ამსტერდამ არენაზე" ძალიან გაგვიჭირდება"
ოლიმპიაკოსთან მატჩის შემდეგ დნიპრომ შინაურ ჩემპიონატში ვოლინს 5:0 აჯობა. ამ შეხვედრაში უთამაშებლობას კანკავა ასე ხსნის: "საბერძნეთში თამაშმა დიდი ენერგია წაიღო და მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაესვენებინა"
დნიპროს ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდმა ევროტურნირის საშინაო შეხვედრები ლვოვში გამართოს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის აზრი ამაზე ასეთია:"ეს, ცხადია, კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. თუ ლვოვში თამაშის უფლება მოგვცეს, დარწმუნებული ვარ, იქ ქომაგობა არ მოგვაკლდება"

პაატა ძნელაძე