სიახლეები

ქვილითაია თავდასხმაში მარტო აღარ არის

გაუზიარე

რომ არა ხშირი ტრავმიანობა, საქართველოს ახლგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი გიორგი ქვილითაია ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნებოდა და შეიძლება, უნგრეთის ჩემპიონატზე უკეთეს ლიგაშიც ეთამაშა, თუმცა, მისი ნიჭის პატრონს ნამდვილად შეუძლია დაკარგულის ანაზღაურება.  

ბოლო ტურში შენი დიორი ვიდეოტონს ეთამაშებდა, შენ შეცვლაზე კარგად შეხვედი და გუნდს ქულის გადარჩენაში დაეხმარე.

ეს მატჩი ცუდად დავიწყეთ, მეტოქე მალევე დაწინაურდა ორბურთიანი სხვაობით. ტაიმის ბოლოს სხვაობის შემცირება შევძელით, მეორე ტაიმში კი სრულ უპირატესობას ვფლობდით. მე შეცვლაზე შევიდი და ბოლო წუთზე ჩემ წამოწყებულ კომბინაციას ჩვენი მეორე გოლი მოჰყვა, თუმცა ხასიათი ტრავმამ გამიფუჭა.

ტრავმა როგორ მიიღე და ექიმები რას გეუბნებიან?

თურქეთში შეკრებაზე ხუთი დღის ჩასულები ვიყავით, საზარდულის არეში ტკივილი რომ ვიგრძენი. ამის გამო ის შეკრება პრაქტიკულად გამიცდა. მერე ვიმკურნალე, თითქოს უკეთაც ვიყავი, მაგრამ ვიდეოტონთან თამაშისას ისევ წამომტკივდა. თამაშის ჩამთავრება კი შევძელი, მაგრამ რამდენიმე დღეა, ვერ ვვარჯიშობ. ექიმების ვარაუდით, შეიძლება, ნერვის ანთება იყოს.

მომდევნო ტურში ფერენცვაროშს ეთამაშებით, ალბათ, ამ შეხვედრის გამოტოვება მოგიწევს.

ეგ მატჩი შაბათსაა და თუ მანამდე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით განვაახლე ვარჯიში, მაშინ ვითამაშებ კიდეც, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას მეტყვიან ექიმები.

დიორი კვლავ ერთი ფორვარდით თამაშობს?

არა, ორით. ვიდეოტონი ლიდერია და მის წინააღმდეგ მწვრთნელმა მაინც ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. სხვა შეხვედრებში კი თავდასხმაში ჩემი და პრიშკინის დუეტია.

ჩემპიონატში მე-10 ადგილზე ხართ, როგორც ჩანს, ამ სეზონში მაღალი ადგილებისთვის ვერ იბრძოლებთ.

ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო და ბრძოლას აზრი არ დაჰკარგვია. მიზანი ჯერაც სამეულში მოხვედრა და ევროსაგზურის მოპოვებაა. 

როგორც ვიცი, დიორს უნგრეთში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვს.

უნგრეთში კი არა, აღმოსავლეთ ევროპაში ბევრ კლუბს არ ექნება ასეთი პირობები. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო.

პაატა ძნელაძე