სიახლეები

როცა ყველა თამაში ფინალია

გაუზიარე

ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში ბოლნისის სიონმა იმ მომენტისთვის ერთპიროვნული ლიდერი თბილისის დინამო დაამარცხა და ამით სასიამოვნოდ გააკვირვა თავისი ქომაგები. სიონის მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული მიიჩნევს, რომ მის გუნდს კიდევ შეუძლია მომატება და თითოეულ დარჩენილ შეხვედრას ფინალად მიიჩნევს.


დინამოსთან გამარჯვება იოლი არასოდესაა. ამ მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებოდით?

ვემზადებოდით როგორც მორიგი მნიშვნელოვანი თამაშისთვის. ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ და ამის გამო ბევრი ქულა დავკარგეთ, ახლა უკანდასახევი გზა აღარ გვაქვს და ჩვენთვის ყოველი მატჩი შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ფეხბურთელების მონდომებამ დამსახურებული სამი ქულა მოგვაპოვებინა, ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული.

მომდევნო ტურშიც ერთ-ერთ ლიდერს, სამტრედიას ეთამაშებით.

გავიმეორებ, ახლა ჩვენთვის ყველა თამაში ერთნაირად მნიშვნელოვანია. თითოეული შეხვედრა ჩვენთვის ფინალივითაა და ასე განვიხილავთ სამტრედიულ მატჩსაც.

დინამოსთან კი მოიგეთ, მაგრამ კვლავ გასავარდნ ზონაში ხართ. მსგავს სიტუაციაში იყავით წინა სეზონშიც, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოს ევროსაგზური მოიპოვეთ. მიმდინარე ჩემპიონატში სიონი რისთვის იბრძოლებს?

ვეცდებით, ტურიდან-ტურამდე გავიუმჯობესოთ მდგომარეობა და ვნახოთ, საბოლოოდ რომელ ადგილს დავიკავებთ. წინა სეზონში ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრა იყო და შემდეგ გახდა რეალური ევროსაგზურის მოპოვება. ასე რომ, წინასწარ ძნელია იმის თქმა, თუ რომელ ადგილზე გავალთ.

სიონში ცხრა ახალწვეული გყავთ. უკვე შეგიძლიათ მათი შეფასება.

ჩემი აზრით, ეს ჯერ ნაადრევია. თურქეთში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში და ჩვენი ჩემპიონატის ორ ტურში მათი თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ რაიმეს გადაჭრით შეფასება ნაადრევია. რამდენად გაამართლებენ და რა სარგებელს მოუტანენ გუნდს, ეს მერე და მერე გამოჩნდება.

ბუნებრივია, პრობლემას გიქმნით ის, რომ ბოლნისში ვერ თამაშობთ. სტადიონთან დაკავშირებით რამე სიახლე ხომ არ არის?

სიმართლე გითხრათ, სტადიონის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. როგორც ამბობენ, მომავალ სეზონში უკვე ბოლნისში ვითამაშებით.

არაერთი წელი გითამაშიათ საქართველოს ჩემპიონატში, მთავარი მწვრთნელი ხართ. რას ფიქრობთ, დონის ამბავი როგორ არის?

ჩემი აზრით, ბოლო ოთხი-ხუთი წელი ერთიდაიგივე დონეა. თექვსმეტგუნდიანმა ჩემპიონატმა კი ის მოიტანა, რომ თითქმის ყველა თამაში დაძაბულად მიმდინარეობს და ქულებს წინასწარ ვერავისთან დაგეგმავ. მაგრამ, სანამ სამთავრობო პროგრამა არ ამოქმედდება, რაიმე სახის წინსვლაზე ლაპარაკი თავის მოტყუება იქნება. სულ იმას ვიმეორებ, რომ თანხებს კლუბებს კი ნუ მისცემენ, არამედ ინფრასტრუქტურის პრობლემა მოუგვარონ. სიტყვაზე, თუ სიონს სტადიონის და ბაზის პრობლემა აქვს, იმ თანხით ეს გაუკეთონ, სხვა გუნდს თუ სხვა რამ სჭირდება, ის მოუგვარონ. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში უკვე ერთ წელიწადში გამოჩნდება პროგრესის ნიშნები.

25 მარტს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება კახა ცხადაძეს.

მართალია, ცხადაძესთან ერთად არ მითამაშია, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ არ ჰქონდეს ის გეგმა, რომლის მიხედვითაც ნაკრები წარმატებას მიღწევას შეძლებს, საერთოდ არ დათანხმდებოდა ნაკრებში მუშაობას, ამას მისი ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ. 

პაატა ძნელაძე