სიახლეები

მთელი არსებით ქართველი...

გაუზიარე

გიორგი ნავალოვსკის რუსეთი მხოლოდ გზაში სჭირდება

რუსეთი პირველი დივიზიონის ტოსნოს ქართველმა ნახევამცველმა გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კახა ცხადაძის მოთხოვნითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით ქართული პასპორტი დაიბრუნა და უახლოეს სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც მალტასთან 25 მარტს თბილისში შედგება, მას შეკრებაზე უნდა ველოდოთ.

დინამო თბილისისა და რუსთავის ოლიმპის განაპირა ნახევარმცველმა საქართველო 2008 წელს დატოვა და მას შემდეგ აღარც ქვეყნის ნაკრებში უთამაშია. საქართველოს ეროვნულ გუნდში ამ ფეხბურთელს სულ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორივე ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით. თემურ ქეცბაია მას არ წყალობდა.  

"თემურ ქეცბაიაზე არაფრის თქმა არ მინდოდა, მაგრამ რაკი ჩემი ახალი პასპორტი სწორედ სანაკრებო ამბავს უკავშირდება, მაინც ვიტყვი, რომ ნაწყენი ვიყავი, როცა 2008 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში თამაშის კი არა, ვარჯიშის შანსიც არ მომცემია. ავად თუ კარგად, რუსეთის ჩემპიონატში ვთამაშობდი და ორჯერ ჩემმა გუნდებმა პრემიერლიგის საგზური მოიპოვეს. თავს დიდ ფეხბურთელად არასდროს ვთვლიდი, მაგრამ მგონი რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის ნაკრებში ერთი შანსის მიცემა ცუდი არ იქნებოდა. შეკრებაზე მაინც გამოვეძახებინე?! მაგრამ, არა, ჩემდა სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ ნაკრებას არ გავკარებივარ. დღეს კი ბედნიერი კაცი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნდა და ნაკრებში თამაშის შანსი გამომიჩნდა. 28 წლის ვარ და მწვრთნელად ახლა კახა ცხადაძე რომ არ დანიშნულიყო, ეგებ ნაკრებში მოხვედრაზე აღარც დავფიქრებულიყავი. მადლობა კახა ცხადაძეს, რომელსაც გავახსენდი და ჩემი შესაძლებლობების სჯერა" _ გვითხრა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელსაც რუსეთში გუშინ დავუკავშირდით. 

მისი პირველი რუსული კლუბი კი მახაჩყალის ანჟი იყო. ნავალოვსკი დაღესტანში 2008 წელს გადავიდა და ორი სეზონის განვალობაში 50 შეხვედრა ჩაატარა. სწორედ ანჟიში მიიღო მან პირველად რუსული პასპორტი.

"ანჟის პრეზიდენტი ჩემი და გოჩა ხოჯავას თამაშით იმდენად კმაყოფილი იყო, ყოველგვარი თხოვნის გარეშე, რუსეთში მიმოსვლის პრობლემა რომ არ შეგვქმნოდა, რუსული პასპორტები გვაჩუქა. ქართულთან ერთად რუსული პასპორტიც გვქონდა და ვიზების აღება არ გვჭირდებოდა. რუსულ პასპორტს მხოლოდ ეს დანიშნულება ჰქონდა, თორემ,  ჩვეულებრივ, ანჟიში როგორც ქართველი ისე ვთამაშობდი. ანჟის შემდეგ ჩემს კარიერაში კიდევ რამდენიმე რუსული კლუბი იყო, მაგრამ პრინციპული მოსაზრებების გამო საქართველოს მოქალაქეობას არ ვთმობდი. ასე იყო ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგაში, ხიმკიში, მეტალურგ-კუზბასში, ხაბაროვსკის სკა-ენერგიაში... ხაბაროვსკიდან ტოსნოში გადასულს კი ახალი კლუბის ხელმძღვანელებმა ლეგიონერებზე ლიმიტის გამო საქართველოს მოქალაქეობის დათმობა მთხოვეს. ეს ამბავი 2014 წელს მოხდა. ნაკრებში თამაშზე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული" _ თქვა საქართველოს მოქალაქეობადაბრუნებულმა გიორგი ნავალოვსკიმ. 

ანჟის შემდეგ ამ ფეხბურთელის კარიერაში ბაქოს ინტერი გახლდათ, კლუბი სადაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე მაშინაც მუშაობდა. ანჟიდან აზერბაიჯანელებმა ნავალოვსკი ინათხოვრეს. ცხადაძის ხელში ნავალოვსკიმ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 

"მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძე ევროპული დონის მწვრთნელია და საქართველოს ნაკრებს მის ხელში წარმატების დიდი შანსი ექნება. შოთა არველაძესთან ერთად კახა ცხადაძეს საუკეთესო ქართველ მწვთნელად ვთვლი. მას ისეთი გადმოცემის, ახსნისა და ანალიზის უნარი აქვს, შეუძლებელია, რაიმე გაუგებრად დაგრჩეს. თამაშის დროსაც შენიშვნას ისე გასაგებად მოგცემს, გამოსწორება არ გაგიჭირდება" _ ამბობს ფეხბურთელი, რომლის ტოსნოც ამ სეზონშივე რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის, ხვალ კი მეოთხე მოსამზადებელ შეკრებაზე მიემგზავრება. 

"ახლა, ვფიქრობ, კარგ სპორტულ ფორმაში კი ვარ, მაგრამ სეზონის მეორე ნახევრისთვის უკვე ისე ინტენსიურად და იმდენ ხანს ვემზადებით, ფეხბურთელი ორჯერ მოასწრებს ფორმის აღდგენასა და დაკარგვას. შაბათს ტოსნო მეოთხე შეკრებაზე მიემგზავრება, რაც ცოტა არ იყოს, დამღლელიც კია. მალტასთან ამხანაგურ მატჩამდე კი რუსეთში სეზონიც განახლდება და ნაკრების ახალ თავკაცთან ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ. ახლა ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. რუსეთის პასპორტს მხოლოდ მიმოსვლისთვის ვიყენებ, ქვეყანაში შესასვლელად ვიზა რომ არ დამჭირდეს, საქართველოს პასპორტი კი... მე ხომ მხოლოდ გვარი მაქვს ნავალოვსკი, თორემ სულით, გულით, გონებით, გრძნობით, მოკლედ მთელი არსებით ქართველი ვარ" _ სხვათა შორის გიორგი ნავალოვსკი არის პირველი ფეხბურთელი ვისი ნაკრებში მიწვევის სურვილი კახა ცხადაძემ მწვრთნელად დანიშვნისთანავე დააფიქსირა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთელისთვის მოქალაქეობის საკითხი მოეგვარებინა. 

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კახა ცხადაძე დამიკავშირდა და მითხრა, საქართველოს მოქალაქობის დაბრუნების შემთხვევაში რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმენობოდა. არა, მეთქი, ვუპასუხე, ქვეყნის ნაკრებისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ეს მწვრთნელსაც ვუთხარი. მერე კი საქმეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩაერია და ყველა საკითხი სწრაფად მოგვარდა. დიდი  მადლობა დახმარებისთვი ფეხბურთის ფედერაციას, ნდობისთვის კი კახა ცხადაძეს. მაქსიმალურად ვეცდები მას იმედები არ გავუცრუო და ისეთ დონეზე ვითამაშო, რომ ყურადღება მომავალშიც დავიმსახურო" _ გვითხრა საუბრის ბოლოს გიორგი ნავალოვსკიმ, რომლის ხელახალი სანაკრებო დებიუტიც, სავარაუდოდ, 25 მარტს მალტასთან ამხანაგური მატჩისას შედგება.    

ლუკა თალაკვაძე