სიახლეები

ანდრეს ისაკსონი : გოშაძეს დიდი მომავალი აქვს

გაუზიარე

გუშინწინ ქასიმფაშას ბაზაზე   შოთა არველაძეს და ლაშა დვალს ინტერვიუსთვის მივაკითხე. სტამბოლის ერთ-ერთ უბანში განთავსებული ბაზა ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ათამდე ბუნებრივასაფარიანი მოედნით მოგაწონებთ თავს. აქვეა მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც სასტუმროს, თეორიული მეცადინეობების, მწვრთნელების ოთახებისა და გასახდელების გარდა, ტრენაჟორების ცენტრი და საცურაო აუზია.

კვირას ტრაპიზონში ტრაბზონსფორთან ნათამაშები 1:1-ის შემდეგ ქასიმფაშამ შინ პირველად რომ ივარჯიშა, სწორედ მაშინ ვნახეთ შოთა არველაძე მოედნის კიდესთან,  ლაშა დვალი კი მოედანზე. ქასიმფაშას გალათასარაის და ფენერბაჰჩეს დონის ვარსკვლავები ნამდვილად არ ჰყავს, მაგრამ შოთის გუნდში საკმაოდ მაღალი დონის ჰოლანდიელები - ბაბელი და დონკი, შვეიცარიელი დერდიოკი და შვედი მეკარე ისაკსონი ირიცხებიან. ყველა მათგანს ევროპაში მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს.
ვარჯიშის ბოლოს არველაძემ ფეხბურთელები ორად გაჰყო და ორკარა ათამაშა. დვალი არველაძეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად რომ ესახება, ეს წინა ორ შეხვედრაში ლაშას სასტარტო შემადგენლობაში დაყენებით დადასტურდა.  ვარჯიშზეც ლაშა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა.  არველაძემ დვალი დაცვის ცენტრში ჰოლანდიელ დონკს შეუწყვილა. ტრაბზონსფორთან მატჩში სწორედ დონკმა გაიტანა გამთანაბრებელი გოლი და ქასიმფაშას ქულა მოუტანა. შეტევაში მთავრი ფიგურა კი რაიან ბაბელია, რომელსაც ყველა მოძრაობაზე ეტყობა, რომ მაღალი კლასის ფებხურთელია.
სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ ოთო გოშაძე, რომელიც იმ დროს გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა იტალიაში. თუმცა ვესაუბრეთ მის კონკურენტსა და უფროს თანაგუნდელს, შვედ მეკარე  ანდრეს ისაკსონს. 33 წლის ისაკსონი საკმაოდ გამოცდილია და სხვადასხვა დროს იუვენტუსში, მანჩესტერ სიტისა და პსვ ეინდჰოვენში თამაშობდა, შვედეთის ნაკრების ღირსებასაც იცავდა.  ცხადია, ისაკსონს პირველად სწორედ გოშაძეზე ვკითხეთ და მანაც ახალგაზრდა ქართველი კოლეგა ერთობ შეაქო.

გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი ხართ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ოთო გოშაძეზე, როგორც დამწყებ მეკარეზე?

გოშაძე ძალიან კარგი ბიჭია. საკმაოდ ნიჭიერი მეკარეა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შრომისმოყვარეა. არც რჩევის კითხვა ეთაკილება და არც შენიშვნის მიღება, ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე შეუძლია ითამაშოს. მთავარია, პროგრესირება არ შეწყვიტოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა.

უკვე მეორე წელია, ქასიმფაშაში თამაშობთ. როგორ დაახასიათებდით შოთა არველაძეს?

არველაძე ძალიან დადებითი ადამიანია. საკმაოდ ახალგაზრდა მწვრთნელია და ვფიქრობ, მასაც კარგი მომავალი აქვს. მის ხელში ქასიმფაშა უფრო გაძლიერდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული კლუბი გახდება. შოთას, როგორც მწვრთნელს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. მჯერა, ამ საქმეშიც ბევრს მიაღწევს.

ბოლოხანს ქასიმფაშას გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა. რამ გამოიწვია რამდენიმემატჩიანი მოუგებელი სერია?

ფეხბურთში ყოველთვის ვერ მოიგებ. ყველას აქვს ჩავარდნა და სხვადასხვა გუნდში თამაშის დროს მსგავს სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვარ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ბევრად უკეთ თამაშის რესურსი აქვს და ამას მალე დავამტკიცებთ. მთავარია, მომავალი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ, მჯერა, ცუდ პერიოდს უკან მოვიტოვებთ.

შეგიძლიათ, დაგვისახელოთ საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც გითამაშიათ?

ერთის ამორჩევა იოლი არაა, მაგრამ ალბათ ჩემი თანამემამულე ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.

ოთარ მუმლაძე