სიახლეები

სეზონი თასის გათამაშებით განახლდება

გაუზიარე

18 თებერვალს საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდება და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ლიდერთა დაპირსპირება იწვევს, გორში ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდმა ნაყოფიერი შეკრება განვლო და საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღო. დინამოელებს ცხრა ახალწვეული ყავთ, რომელთაგანაც ოთხი ლეგიონერია. სატრანსფერო ბაზარზე თბილისელთა ასეთი აქტიურობა გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგანაც ზამთრის შესვენებისას გუნდი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ირაკლი ძარიამაც, რომელიც კარიერას სწორედ „დილაში“ გააგრძელებს. რაც შეეხება გორელთა სიახლეებს, მათაც დედაქალაქელთა მსგავსად ცხრა ფეხბურთელი დაიმატეს. მოკლედ, რომ ვთქვათ ორივე გუნდი სრულ მზადყოფნაშია და წინ საინტერესო შეხვედრა გველის. ასევე საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს სამტრედიაში გასამართი, იმერული დერბიც სადაც ერთმანეთს „სამტრედია“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ქუთაისურ კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა და უნდა ველოდოთ, რომ მეორე წრიდან ქუთათურებს ძლიერი გუნდი ეყოლებათ, სამტრედიელები კი, ჩემპიონატის დაწყებიდანვე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებოდნენ და მათზე ბევრს აღარ გავაგრძელებთ. დანარჩენ ორი წყვილისაც გარკვეული ინტრიგა ახლავს თან და დიდი იმედი გვაქვს გუნდები შეძლებენ საკუთარი გულშემატკივრების ლამაზი ფეხბურთით გახარებას. 


„დილა“ გორი - „დინამო“ თბილისი 

18 თებერვალი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 14:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.ფიფია, ს.სპიცინი, ი.კვირიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.კიკაჩეიშვილი (2 დამ.ასისტენტი), ბ.ნინუა (სათადარიგო),

დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე ("დილა")


„სამტრედია“ სამტრედია - „ტორპედო“ ქუთაისი 

18 თებერვალი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 14:00 

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება, დ.სანოძე (სათადარიგო)


„ცხინვალი“ ცხინვალი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 

18 თებერვალი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, დ.გაბისონია, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


„მეტალურგი“ რუსთავი - „ჩიხურა“ საჩხერე 

18 თებერვალი, რუსთავი, "ფოლადი", 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, დ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)


სფფ-ს პრესსამსახური