სიახლეები

მჟავანაძის შუქურა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

კახა მჟავანაძეს ფეხბურთისთვის თავი დანებებული ჰქონდა და უკრაინაში იყო დასახლებული, როცა ქობულეთის შუქურაში აღმოჩნდა. ის ქობულეთელია და საფეხბურთო კარიერაც შუქურაში დაიწყო, საიდანაც ჯერ ბათუმის დინამოში გადავიდა, იქიდან კი უცხოეთს მიაშურა... ერთი პერიოდი კახა მჟავანაძე საქართველოს ნაკრებშიც სტაბილურად თამაშობდა. 

ის შუქურასთან ერთად თურქული შეკრებიდან ორიოდ დღის წინ დაბრუნდა. თურქულ შეკრებაზე კი შუქურაში საინტერესო ამბავი მოხდა _ კლუბის პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ კლუბში ორი თვის მიწვეული უკრაინელი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ დაითხოვა, ხოლო მის ნაცვლად გელა სანაიას უხმო, რომელიც გუნდს რამდენიმე საათში უკვე ანთალიაში შეუერთდა... კახა მჟავანაძესთან ეს ინტრევიუც, სწორედ კლუბში მწვრთნელის ცვლილებაზე საუბრით დავიწყეთ:

რატომ გაათავისუფლეს შუქურადან მწვრთნელი არ ვიცი. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ კონსტანტინ ფროლოვმა და რევაზ ჩელებაძემ ისაუბრეს. რა ითქვა, არ ვიცი, ფაქტი კია, რომ იმ საუბრის შემდეგ, კონსტანტინ ფროლოვმა ჩემოდანი ჩაალაგა და დაგვემშვიდობა. იმავე საღამოს კი თბილისიდან გელა სანაია ჩამოვიდა, რომელმაც მეორე დღესვე პირველი ვარჯიში ჩაატარა. 

ჩელებაძეს ან ფროლოვს გადაწყვეტილების მიზეზზე არაფერი უთქვათ?

არაფერი. რევაზ ჩელებაძე ანთალიიდან ბრაზილიაში გაემგზავრა. მწვრთნელის ცვლილების მიზეზზე არაფერი უთქვამს. 

ბრაზილიაში საკლუბო საქმეებზეა? 

დიახ, როგორც ვიცი ბრაზილიელი ფეხბურთელების ჩამოსაყვანად არის წასული. ოთხი ფორვარდის დამატება სურს. შუქურას ახლა ყველაზე მეტად სწორედ წინა ხაზში უჭირს. გუნდი ყოველ მატჩში რამდენიმე რეალურ საგოლე მომენტს ჰქმნის, მაგრამ ზუსტი დაბოლოება არ გამოგვდის. ვნახოთ, რევაზ ჩელებაძე თავადაც თავდამსხმელი იყო და ვფიქრობ, ბრაზილიაში გუნდისთვის შესაფერის შემტევებს შეარჩევს. 

თავად როგორ აღმოჩნდი შუქურაში? ვიცოდით, რომ ფეხბურთისთვის თავი დანებებული გქონდა, მოულოდნელად კი...

დიახ, ასე იყო. ყურის ტკივილის გამო, იძულებული გავხდი ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. ყურის ანთება მქონდა, ჯერ უკრაინელმა ექიმებმა, შემდეგ კი აზერბაიჯანელებმა ვერაფერი გაიგეს და ჩიყვზე მკურნალობდნენ. ბოლოს, ავადმყოფობა ძალიან რომ გართულდა, საქართველოში ჩამოვედი, აქ მიწამლეს. ის, რაც უკრაინაში და აზერბაიჯანში ვერ გაიგეს, საქართველოში უმალ მიხვდნენ და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, ბოლომდე გამომაჯანმრთელეს. უკრაინაში და აზერბაიჯანში უშედეგო მკურნალობამ კი რამდენიმე თვე წაიღო და ამიტომაც, იძულებული გავხდი ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. შუქურაში კი სწორედ ყოფილმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა მიმიწვია. მას, ჯერ კიდევ ოდესის ჩერნომორეცში თამაშის პერიოდიდან ვიცნობ. ის მაშინ გუნდის დუბლების მწვრთნელი იყო. ჩერნომორეცის შემდეგ, ფროლოვთან ურთიერთობა არ მქონია, თუმცა შუქურას მწვრთნელად დანიშვნისთანავე საერთო მეგობრის საშუალებით დამიკავშირდა და ქობულეთში მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით წამოსვლა შემომთავაზა. ცხადია, უსიტყვოდ დავთანხმდი. ქობულეთში ვარ დაბადებული და ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშზე უარს ვერაფრით ვიტყოდი. თანაც, შემდეგ რევაზ ჩელებაძესთან ვისაუბრე და დავრწმუნდი, რომ შუქურაში დაბრუნებით სწორ ნაბიჯს გადავდგამდი. ვცდილობ, ჩემი გამოცდილება ჭაბუკ თანაგუნდელებს გავუზიარო.

უწინდებურად ჯანზე ხარ?

უთამაშებლობამ და არასწორმა მკურნალობამ თავის გააკეთა. ისე ვეღარ ვარ, როგორც ადრე, თუმცა, ვგრძნობ, რომ თურქული შეკრების შემდეგ ძალ-ღონე და ბურთის გრძნობა მიბრუნდება და ძველ სათამაშო ფორმასაც მალე აღვიდგენ. 

თურქული შეკრებით კმაყოფილი ხარ?

ყველაფერი კარგად იყო თუკი ამხანაგური მატჩების შედეგებს არ ჩავთვლით. მხოლოდ სანქტ-პეტერბურგის ზენიტის დუბლეშემადგენლობას მოვუგეთ. ისე, ორჯერადი ვარჯიშების ფონზე, ამხანაგურებში მარცხი გასაკვირი არც უნდა იყოს. თანაც ისე მოხდა, რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე დასასვენებლად სულ ორი საათი გვქონდა. საღამოს კი ვთამაშობდით. 

ხომ არ გადაღლილხართ?

ეს სეზონის განახლებისას გამოჩნდება. ცოტა არ იყოს, სერიოზული დატვირთვები გვქონდა. ვნახოთ შედეგი რა იქნება. 

აქვს შუქურას უმაღლეს ლიგაში ადგილის შეინარჩუნების პოტენციალი?

ცხადია, აქვს. გუნდის შემადგენლობას და მომზადების დონეს თუ გავითვალიწინებთ, უმაღლესში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი მაინც რთულია. არ ვიცი სხვა გუნდები, ჩვენი კონკურენტები როგორ არიან მომზადებულნი. ყველა შემთხვევაში, შუქურას საშინაო მატჩებში არ უნდა გაუჭირდეს.  

ლუკა თალაკვაძე