სიახლეები

ალავერდაშვილმა ზავიშასთან კონტრაქტი გააფორმა

გაუზიარე

გიორგი ალავერდაშვილი პოლონური ექსტრაკლასას კლუბში, ბიდგოშჩის ზავიშაში გადავიდა. 27 წლის ქართველმა ფორვარდმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც ბოლო ადგილზეა. 
ამ სეზონში პოლონურ ექსტრაკლასაში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა _ ნიკა ძალამიძე ბიალისტოკის იაგელონიაში. ახლა კი ექსტრაკლასას ალავერდაშვილიც შეუერთდება. 
გიორგის პოლონეთში დავუკავშირდით: 
`რამდენიმე საათის წინ გავაფორმე ხელშეკრულება. როგორც იცით, პოლონეთის ექსტრაკლასას სხვა გუნდში, ზაბჟეს გურნიკში ვვარჯიშობდი, მათთან მთელი შეკრება გავიარე თურქეთში და კონტრაქტის გაფორმებას თითქოს წინ არაფერი ედგა, მაგრამ გურნიკს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ახალი ფეხბურთელების დამატება ვეღარ შეძლო. ზავიშაც ექსტრაკლასას კლუბია და კონტრაქტში მიწერია, რომ გავარდნის შემთხვევაში ხელშეკრულების გაწყვეტა შემეძლება~. 
ალავერდაშვილი სეზონის პირველ ნახევარში რუსთავის მეტალურგში თამაშობდა. მანამდე კი ლიტვურ კლუბებში გამოირჩეოდა გოლების სიმრავლით. 

ილია ნანობაშვილი


ფოტოზე: ალავერდაშვილი ზავიშაში წარადგინეს