სიახლეები

კიევის "დინამოელი" აქუბარდია: საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი

გაუზიარე

უკვე ხუთი წელია, მცველი ბადრი აქუბარდია კიევის "დინამოშია", ოღონდ მეორე გუნდში. ის უკრაინული გრანდის აკადემიის აღზრდილია და რამდენჯერმე კიეველთა ძირითად გუნდშიც ავარჯიშეს. 22 წლის აქუბარდია უკრაინის მოქალაქეა. "დინამოს" საიტთან ინტერვიუში საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, ეროვნულ ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდიო. 

ბავშვობაზე: 1992 წელს საქართველოში ომი იყო და სამი წლის ვიყავი, როცა ოჯახი უკრაინაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჩერნიგოვის ოლქში ვცხოვრობდით. ფეხბურთზე ექვსი წლის შევედი, მერვე კლასამდე იქ ვთამაშობდი, მერე კი კიეველმა სელექციონერებმა შემამჩნიეს და დედაქალაქში გადასვლა შემომთავაზეს. ჯერ "ბროვარში" მოვხვდი, იქიდან კი, კიევის "დინამოში".

ახლანდელ ფორმაზე: ტრავმა მაწუხებდა და ამიტომაც გამიცდა სეზონის ბევრი მატჩი. ყველაფერი გაივლის. რა თქმა უნდა, უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაში მინდა. კარგი იქნებოდა სხვა სისწრაფეზე, სხვა დონეზე, სხვა ემოციებზე გადასვლა, მაგრამ ჯერ მუშაობაა საჭირო. იჯარით სადმე გადასვლაზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვჩქარობ. უკვე ერთი წელია, ნორმალურად თამაში არ მიწევს ტრავმის გამო, ამიტომაც სტაბილურად ათამაშებაა საჭირო. 

საქართველოზე და ქართულ ფეხბურთზე: საქართველოში ჩავდივარ ხოლმე. ამ არდადეგებზეც თბილისში ვიყავი. ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებ, თუმცა, იქ დონე ისეთი ვერაა, როგორიც უკრაინაში, სადაც ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებ; საქართველოში კი, თამაშისგან წვალობ. საქართველოში თამაში მსურს თუ არა? ნაკრებში ვისურვებდი. 

ჩემი ძმა საქართველოში მწვრთნელად მუშაობს და მეუბნება, რვა-ცხრა წლის ბიჭები ძალიან ტექნიკურები არიან და გულით სწადიათ ფეხბურთის თამაშიო. მითხრა, ბავშვებს მისწრაფება თუ ბოლომდე მიჰყვებათ, სპორტსმენები გამოვლენ, მაგრამ ნაადრევად ფულის შოვნის შემთხვევაში მანქანას იყიდიან და ჩათვალე, დაიკარგებიანო... პირადად მე მყავს თუ არა მანქანა? არ მყავს. სტერეოტიპია, რომ ფეხბურთელი აუცილებლად მაგარი მანქანით უნდა მოძრაობდეს. თავისუფლად შემიძლია მეტროში ჩასვლა ან სამარშრუტო ავტობუსით მგზავრობა. 

ილია ნანობაშვილი