სიახლეები

გიორგი არაბიძე: შახტართან კონტრაქტს ჩემი ხელმოწერაღა აკლია, მაგრამ...

გაუზიარე

იანვარში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა. ნაკრების ლიდერი გიორგი არაბიძე ტურნირის დასრულების შემდეგ თავის ახალ კლუბს, დონეცკის შახტარს შეკრებაზე შეუერთდა. არაბიძემ მინსკის ტურნირში, ერთის გარდა, ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. გიორგის თურქეთში დავუკავშირდით და მინსკის ამბებთან ერთად მარტში გასამართ 17-წლამდელთა ნაკრების ელიტრაუნდის შესახებაც ვესაუბრეთ.

"მინსკის ტურნირმა კარგი გამოცდილება შეგვძინა. რამდენიმე პოზიციაზე შეთამაშების პრობლემა გვქონდა და ბელარუსში ჩატარებული თამაშები ამის გამოსწორებაში დაგვეხმარა. საინტერესო თამაშები იყო და ვფიქრობ, უფრო ყურადღებით რომ გვეთამაშა, უკეთეს ადგილზეც გავიდოდით."
ჯგუფის ბოლო მატჩში ლატვიასთან ფრეც გყოფნიდათ, თამაშსაც იგებდით, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდით. რატომ ვერ მოახერხეთ ანგარიშის შენარჩუნება?

გასასვლელად ფრეც რომ გვყოფნიდა, ფსიქოლოგიურად სწორედ ამან შეგვიშალა ხელი. ლატვიასთან მართლაც ვიგებდით, მაგრამ მოვდუნდით და პირველივე ტაიმში ორი გოლი გავუშვით. დასანანი მარცხი იყო, თუმცა, ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ.


მეოთხე- მეექვსე ადგილებისთვის მატჩში იაპონიასთან დამარცხდით. აზიელებს ძლიერი გუნდი ჰყავდათ თუ მოტივაციის ნაკლებობის გამო ვერ მოახერხეთ გამარჯვება?

იაპონელებმა ფიზიკურად გვაჯობეს, დღევანდელი ფეხბურთი კი, ასეთია - თუ ფიზიკაში აგებ, ხშირ შემთხვევაში დამარცხდები კიდეც. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურადაც გაგვიჭირდა, მეოთხე-მეექვსე ადგილებისთვის ისეთი მოტივაციით ვეღარ ვითამაშეთ, როგორც ტურნირის დასაწყისში.

მარტში ელიტრაუნდის მატჩები გელით. საკმაოდ ძლიერი ჯგუფში მოხვდით, მეტოქეებად ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია გეყოლებათ. როგორ შეაფასებ ნაკრების შანსებს, შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა?
მთავარია, კარგად მოვემზადოთ და შანსი არც ისე მცირეა. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და ეს ჩვენი შანსია. ჩვენს გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს, გარდა ამისა, მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერა გვიჭირს. ცენტრი თითქმის ყველა თამაშში წავაგეთ, არადა, ცენტრალური ზონა ფეხბურთში ყველაზე მთავარია. მომზადება რამდენად გამოასწორებს ამ პრობლემებს, არ ვიცი, მაგრამ, როგორც მინსკის ტურნირზე ვითამაშეთ, ისეთი თამაშით შორს ნამდვილად ვერ წავალთ.

შახტარში მინსკის ტურნირის შემდეგ ჩახვედი, ახლა კი, კლუბთან ერთად შეკრებაზე ხარ. მოასწარი ამხანაგურებში თამაში?
რამდენიმე მატჩი ვითამაშე, მაგრამ ბოლო დღეებში დამასვენეს. ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მივდივარ, შემდეგ ელიტრაუნდის მატჩებია და ამიტომ მასვენებენ. სამწუხაროდ, ამ მიზეზის გამო ვერც ჩემი ყოფილი კლუბის, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ვითამაშებ.
შახტარის 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული. იქნები კლუბის განაცხადში?
არა. სამწუხაროდ, ამ ტურნირზე წელს ვერ ვითამაშებ, საბუთების მოგროვება ვერ ესწრება. დონეცკელებს კი, 23 თებერვალს პირველი თამაში აქვთ. მართალი გითხრათ, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბოლომდე ჩამოყალიბებული მეც არ ვარ. უკრაინაში არეულობაა. გარდა ამისა, რამდენიმე გუნდი მიწვევს და შეიძლება, "შახტართან" კონტრაქტი არც გავაფორმო. აქ ყველას ძალიან მოვეწონე და დარჩენის შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან 21-წლამდელთა გუნდში გადაყვანას მპირდებიან. ძირითად გუნდში გადასვლა კი, უკვე ჩემზე იქნება დამოკიდებული. იმედია, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. საკმაოდ კარგი გუნდების შემოთავაზებები მაქვს და ამიტომ დავფიქრდი "შახტარში" დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.

კონკრეტულად რომელ გუნდებზეა საუბარი?
ახლა გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ. შახტართან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია და მასზე ხელმოწერა მხოლოდ ჩემი სურვილის შემთხვევაში მოხდება. არ ვიცი, რამდენად გამოვა სხვა გუნდის ვარიანტი, მაგრამ თუ ძალიან სერიოზული შემოთავაზება არ იქნება, ასეთ შემთხვევაში "შახტარში" დავრჩები.

ოთარ მუმლაძე