სიახლეები

ლოკომოტივი: მარცხი შახტარის 21-წლამდელებთან

გაუზიარე

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის ლოკომოტივმა საკონტროლო მატჩი გამართა დონეცკის შახტარის 21-წლამდელთა გუნდთან და 0:3 წააგო. ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ტაიმში ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა, ორი გოლი კი ბოლოს გაუშვა. შეხსენებისთვის, წინა შეხვედრაში ლოკომოტივმა ჩინეთის პირველი ლიგის ჰუნანს 2:0 სძლია. 
თბილისელებმა შახტარის 21-წლამდელებთან ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მიქავა, დუმბაძე, გაგნიძე, გაბაძე, უბილავა, ჩიხრაძე, წივწივაძე, გ.დიასამიძე, ართმელიძე, კიკნაძე, გავაშელიშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: არდაზიშვილი, ჩიტეიშვილი, სამურკასოვი, პატარკაციშვილი, ლუკავა. 
სანდოხაძე, სულთანიშვილი და კუსიანი სიცხის გამო ვერ თამაშობდნენ, ხოლო ღვინაშვილს ტრავმა აქვს. 
შახტარის 21-წლამდელებში ვარჯიშობს დავით თარგამაძე, (რომელიც შახტარის საკუთრებაა), თუმცა ლოკომოტივის წინააღმდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება ლოკომოტივიდან ამ ზამთარს გადასულ გიორგი არაბიძეს, 16 წლის შემტევი შახტარის 19-წლამდელთა გუნდშია.   
ხვალ ლოკომოტივი და შახტარის 21-წლამდელები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო 15-ში მაისურაძის გუნდს მეტოქედ შვედური ჰალმშტადტი ეყოლება.

ილია ნანობაშვილი