სიახლეები

პრიორიტეტი მრავალწლიანი ბიუჯეტია - ჩიხურა კვლავ ევროპისკენ იყურება

გაუზიარე

2014 წელს ევროტურნირებზე ერთადერთმა ქართულმა გუნდმა იყოჩაღა - საჩხერის "ჩიხურას" ცოტა დააკლდა ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე. საჩხერელები კვლავ იბრძვიან ევროსაგზურისთვის და ამ ბრძოლაში იმედიანადაა გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე, რომელიც "ჩიხურას" ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედია.

მოდით, საუბარი თურქული შეკრების შეფასებით დავიწყოთ...

რაც ჩაფიქრებული გვქონდა, ყველაფერი შევასრულეთ. ვეთამაშეთ რუმინულ, უკრაინულ, ჩინურ და ყაზახურ გუნდებს. ახალწვეულები მრავლად გვყავს და ამის გამო პრობლემა რომ არ შეგვქმნოდა, ეს შეხვედრები ძირითადად უკეთ შესათამაშებლად გამოვიყენეთ. პირობები მართლაც კარგი გვქონდა და ამინდმაც ხელი შეგვიწყო.

ახალწვეულებზე უფრო დაწვრილებით გვითხარით.

ბოლნისის "სიონიდან" გადმოვიყვანეთ გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი განუგრავა. მას უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს. მართალია, ამპლუით ნახევარმცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დაცვაშიც შეუძლია თამაში. "ზესტაფონიდან" დაგვემატა სისწრაფით გამორჩეული ფორვარდი სარდალიშვილი. უკრაინის ჩემპიონატიდან დაბრუნდა ნახევარმცველი გია მანჯგალაძე. დავიმატეთ ორი უკრაინელიც - მცველი და თავდამსხმელი. 

სერიოზულ შევსებასთან ერთად, გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაც შეძელით.

ბირთვი მართლაც შევინარჩუნეთ, თუმცა, სავარაუდოდ, დაგვტოვებს სიხარულია. ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ გუნდში არსებული კონკურენციის გამო, იშვიათად უწევდა თამაში და ამ ეტაპზე უჯობს, კარიერა ისეთ გუნდში გააგრძელოს, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება.

"ჩიხურა" ბოლო წლებში იმ სასიამოვნო გამონაკლისთა შორისაა, რომელთაც ფინანსური პრობლემები არ აქვთ.

ჩვენი ბიუჯეტი წლიდან წლამდე მტკიცდება, არადა, უმჯობესი იქნება, მინიმუმ სამწლიანი ბიუჯეტი მაინც გვქონდეს. ჯერ ერთი, სტაბილურობის მეტი განცდა იქნება და გარდა ამისა, უფრო კარგად დავსახავთ სამოქმედო გეგმას. ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარია, ოღონდ ამ თანხას აკლდება საშემოსავლო, ამაში შედის აკადემიის ხარჯებიც და იმ 130 ადამიანის ხელფასიც, რომლებიც კლუბში და აკადემიაში საქმიანობენ.

პირველი წრის შემდეგ მეშვიდე ადგილზე ხართ, თუმცა, სამეულს მხოლოდ სამი ქულა გაშორებთ. მიზანი, ალბათ, კვლავ ევროსაგზურის მოპოვებაა.

რა თქმა უნდა. თავიდანვე ვთქვით, რომ ევროტურნირის საგზური უნდა მოვიპოვოთ და ახლაც ეს მიზანი გვაქვს. მართალია, კონკურენცია სერიოზულია, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს ვინმეზე ნაკლები შანსი.

ჩემპიონატის პარალელურად, თასზეც ასპარეზობთ, თანაც, "ჩიხურას" უკვე აქვს სათასო გუნდის სახელი. მეოთხედფინალში თქვენი მეტოქე რუსთავის "მეტალურგია", რომელსაც ახლა ნამდვილად არ უდგას კარგი დროება.


სრული სერიოზულობით ვეკიდებით "მეტალურგთან" სათასო შეხვედრებს. მართალია, რუსთაველებს ახლა უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. პირველ წრეში ძალიან მომეწონა "მეტალურგი"ს თამაშის ხარისხი და ეს მათი მთავარი მწვრთნელის - ვარლამ კილასონიას დამსახურებაა. ასე რომ, თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლა იოლი ნამდვილად არ იქნება.

მართალია, ჯერ მხოლოდ ჩემპიონატის ნახევარი გასრულდა, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება. როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა უმაღლეს ლიგაში  გუნდების რაოდენობის გაზრდამ?
ის პრობლემები, რაც ახლაა, შეიძლებოდა, 12,10 და 8 გუნდიან ჩემპიონატშიც ყოფილიყო. ის კი, ფაქტია, რომ დაძაბულობამ მოიმატა, არც ერთ ლიდერს არავისთან არ აქვს გარანტირებული მოგება, ქულებისთვის ყველასთან ბრძოლაა საჭირო. ამ მხრივ, გუნდების რაოდენობის გაზრდამ ნამდვილად გაამართლა.

პაატა ძნელაძე