სიახლეები

ზუგდიდის ჩინური 2:0

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონატის აუტსაიდერმა "ზუგდიდმა" თურქული შეკრების ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩინურ "ჰუნან ხიანგტაოსთან" გამართა და 2:0 მოიგო. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. შოთა ლომიას ჩაწოდებული ბურთი გიორგი პაჭკორიამ ზუსტი თავურით გადაგზავნა მეტოქის კარში. ზუგდიდელებს ამის მერეც ჰქონდათ საგოლე მომენტები, მაგრამ ირაკლი ქობალიას და ლუკა გუგუჩიას ჩინელთა მეკარემ არ გაატანინა. 
მეორე ტაიმში საკმაოდ აქტიური დათა რიგვავას მორიგი ჩაწოდებისას მეტოქის მცველმა ბურთი ხელით მოიგერია. პენალტი ზუსტად შეასრულა ლომიამ და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ბესიკ შეროზიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ბობღიაშვილი, რიგვავა, პაჭკორია, აკობია, ღონღაძე, ტყემალაძე, კუტალია, გუგუჩია, ლომია, წურწუმია, ქობალია.  
შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, კობერიძე, ფარჯიკია, ქირია, ნარმანია, კუკავა. 
ზუგდიდელებმა თურქეთში ორკვირიანი შეკრება გაიარეს. 21 თებერვალს, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში კი, ქობულეთის შუქურას უმასპინძლებენ.

პაატა ძნელაძე