სიახლეები

გრიგალავამ ანჟისთან კონტრაქტი გაწყვიტა

გაუზიარე

მახაჩყალის "ანჟიმ" სასურველს მიღწია - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გია გრიგალავამ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა! ეს გუშინ, მოსკოვში მოხდა.

ამ ბოლო დღეებში, მოსკოვში მყოფი გია გრიგალავა ახლა უკვე სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობს და "ანჟიში" მომხდარი სკანდალის სწრაფად დავიწყებას ცდილობს. ქართველი ფეხბურთელი მახაჩყალელთა უფროსობას უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა. მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს: "ანჟი" გია გრიგალავას აკრძალული პრეპარატის მიღებაში ადანაშაულებდა. საქართველოს ნაკრების მცველი კი, კლუბს ბრალს შავი პიარის აგორებაში სდებდა. "ანჟიმ" განცხადა, რომ 5 თებერვალს გამოქვეყნდა დაღესტანის ნარკოლოგიური დისპანსერის დასკვნა, რომელმაც პირველი ტესტის საფუძველზე დაამტკიცა გია გრიგალავას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატების კვალი. 

თავად გია გრიგალავამ კი თქვა: 

"ფაქტია, რომ "ანჟიმ" კონტრაქტის გასაწყვეტად იკადრა ასეთი სიბინძურე. ეს ჩემი ვარაუდი არ არის - ყველა ამას ამბობს. კონტრაქტი კარგი პირობებით მქონდა გაფორმებული, "ანჟის" კი, ამ ვალდებულებების შესრულება აღარ სურს." 
ანჟიმ საკუთარ საიტზე განათავსა ოფიციალური განცხადება: ,,კლუბი მადლობას უხდის გიას კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმისთვის და წარმატებას უსურვებს მას, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო კარიერაში.”
რაღაც არ გვახსენდება, აკრძალული პრეპარატების ხმარებაში ბრალდებული ფეხბურთელი, ვინმეს გუნდიდან კომპლიმენტებით გაეშვას. ამრიგად, ნათელია, "ანჟიმ" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კლუბიდან ბინძური მეთოდით მოიშორა...

ლუკა თალაკვაძე