სიახლეები

სიონმა გენერლის ნაკრებთან 0:1 წააგო

გაუზიარე

ბოლნისის "სიონმა" თურქეთში ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქედ ერთი რიგითი კლუბი კი არა, ნაკრები ჰყავდა. ლადო ბურდულის გუნდმა 0:1 წააგო რუმინეთის ნაკრებთან. თუმცა, ღირსეულად კი ეთამაშა ძლიერ მოწინააღმდეგეს. 
რუმინელთა ცნობილ მწვრთნელს, გენერლის წოდების მქონე ანგელ იორდანესკუს თურქეთში ჰყავს ნაკრები – ოღონდ მხოლოდ რუმინეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები. ანუ, თქმა რად უნდა, ნაკრების შემადგენლობა ოპტიმალურისგან შორს იყო. 
თუმცა, "სიონის" წინააღმდეგ ითამაშეს ცნობილმა ფეხბურთელებმა: საყრდენმა ნახევარმცველმა პინტილიმ, ბომბარდირმა კლაუდიუ კესერუმ და ექსსევილიელმა რაულ რუსესკუმ. სწორედ, რუსესკუს მოედანზე შესვლას მოჰყვა რუმინელთა თამაშის გამწვავება. 
გოლი 66-ე წუთზე გავიდა: რუსესკუმ კუთხური ჩააწოდა, მცველმა ანდრეი დუმიტრაშმა (კრაიოვას უნივერსიტატია) კი, თავით გაიტანა. დუმიტრაშმა კარიდან გამოსულ მეკარე მირზა მერლანს აჯობა საჰაერო ორთაბრძოლისას. "სიონმა" ღირსეულად ითამაშა რუმინელთა წინააღმდეგ და პირველი ტაიმის ბოლოს რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა.  
ანგელ იორდანესკუმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა, იქვე დაამატა: "პირველ ნახევარში ჩვენი თერთმეტი ფეხბურთელიდან ათი დებიუტანტი იყო. მათ არასოდეს უთამაშიათ ეროვნულ ნაკრებში. მატჩის წინაც განვაცხადე, რომ მინდოდა საქმეში მენახა ახალბედები, რომელთა სანაკრებო პერსპექტივის დანახვა მსურდა. მეორე ტაიმში გამოცდილი ფეხბურთელები შევუშვი მოედანზე და თამაშის სურათიც შეიცვალა. ჩემი აზრით, დამსახურებულად მოვიგეთ."       
რუმინეთი: ბალგრადიანი, დუმიტრაში, ნედელსიარუ, ბეჟანი, ვატეალუ, ანტონი (პრეპელიცა 71), ლაზარი (ბუმბა 46), კრეცუ (პინტილი 46), ჰორა (რუსესკუ 60), ბუდესკუ (ფლ.ტანასე 46), რომანი (კესერუ 60)
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
"სიონის" სასტარტო შემადგენლობა: მერლანი, გიორბელიძე, ცნობილაძე, გურეშიძე, დ.საჯაია, სიჭინავა, ცხადაია, ზ.ლობჯანიძე, ქებურია, ჭიკაიძე, გაფრინდაშვილი
მწვრთნელი: ლადო ბურდული
ილია ნანობაშვილი
ფოტოზე - 1. რუმინეთის ნაკრები - სიონი ბოლნისი 
2. ანგელ იორდანესკუ და ლადო ბურდული