სიახლეები

ჯანო სპარტაკს მოგებაში დაეხმარა

გაუზიარე

მოსკოვის სპარტაკი რომ ჯანო ანანიძეს ზაფხულამდე შანსს აძლევს და არსად აღარ ანათხოვრებს, ეს უკვე გაცნობეთ. რუსული გუნდის შვეიცარიელმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა ამჟამად ასე გადაწყვიტა, რომ ქართველს დაიტოვებს. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ ჯანოს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა იაკინის ხელში და მწვრთნელმა ვერ შეძლო ამ მონაკვეთში ფეხბურთელის შესაძლებლობების ზუსტად შეფასება. 
ანანიძე სპარტაკს თურქულ ბელეკში ახლავს შეკრებაზე და გუშინ ტესტ-მატჩში თავი გამოიჩინა კიდეც. სპარტაკი ავსტრიულ ვაკერთან 1:2 აგებდა, მაგრამ 3:2 გაიმარჯვა და ბოლო გოლში ქართველმა თავისი წილი დაიდო. მესამე ბურთი სწორედ ჯანოს კარგ პასს მოჰყვა, რამაც დენის დავიდოვი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც გაიტანა. 
ჩვენც ის გვინდა, რომ ანანიძემ როგორმე დაიწყოს სასურველ დონეზე თამაში. ფაქტია, მას სპარტაკში არ ენდობოდნენ, მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ჰყავდათ და თუ მოსამზადებელ პერიოდში კარგად ითამაშებს, იმედია, იაკინი გარჯას არ დაუკარგავს. 

ილია ნანობაშვილი