სიახლეები

კახელიშვილი სახალინმა სასიამოვნოდ გააკვირვა

გაუზიარე

იყო დრო, გიორგი კახელიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი იყო, გულშემატკივარსაც თვალში მოსდიოდა ნიჭიერი მოთამაშე, მერე კი, მიზეზთა გამო, "კახელას" კარიერა მოლოდინისამებრ ვერ აეწყო. ახლა კი, მისივე თქმით, ყველა პრობლემა უკან დარჩა და რუსეთის პირველი ლიგის სახალინის 27 წლის შემტევი ნახევარმცველი კვლავ იმედიანადაა განწყობილი.  

სახალინთან კონტრაქტი მაისამდე გაკავშირებს, მაგრამ სავიზო პრობლემის გამო პირველი წრე, პრაქტიკულად, გაგიცდა.
ამ პერიოდში ჯანმრთელობის რაღაც პრობლემაც მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და სახალინს დაახლოებით ერთ კვირაში შევუერთდები. პირველი მოსამზადებელი ეტაპი სოჭში გაიარეს, ახლა თურქეთში მიდიან, მეც იქ შევუერთდები დამეორე წრისთვის სრულფასოვან მზადებასდავიწყებ.
ამდენი ხნის უთამაშებელი სათანადო ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებდი? 
მადლობა მინდა ვუთხრა გია ჭიაბრიშვილს და რეზო გოცირიძეს, რომლებმაც საბურთალოსთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომცეს და რთულ პერიოდში გვერდში დამიდგნენ. ასევე, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ზესტაფონის დამრიგებლის გიორგი მიქაძის მიმართ _ ყურადღება არც მან დაკლო.
ამ პერიოდში სახალინიდან თუ გიკავშირდებოდნენ?
ხშირად მირეკავდნენ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდნენ... მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ვერაფრით ვეხმარებოდი, არ ყოფილა შემთხვევა, ხელფასი დროულად არ ჩაერიცხოთ. რუსული გუნდისგან ქართველი ლეგიონერის მიმართ ასეთი ყურადღება ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
გუნდის მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იგორ დობროვოლსკია.
ამის მიუხედავად, ძალიან უბრალო ადამიანია და მასთან მუშაობა რთული ნამდვილად არ იქნება. კლუბის ხელმძღვანელობისგან მას დიდი ნდობა აქვს.
ამ ეტაპზე გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზე ხართ...
სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და რამდენიმე თამაშის მოგების შემთხვევაში მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოვასწორებთ. ახლა მთავარია,ადგილი შევინარჩუნოთ, მომდევნო სეზონში კი, როგორც ამბობენ, გუნდი კარგადდაფინანსდება და რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაც არ არის გამორიცხულიო.
სახალინი პირველი წრის საშინაო შეხვედრებს ხიმკიში ატარებდა და ამით გაუთავებელ მგზავრობას ირიდებდა. მეორე წრეშიც მოსკოვის გარეუბანში უმასპინძლებთ მეტოქეებს?
ისევ ხიმკიში ვითამაშებთ, რადგენ ეს მართლაც დიდი შვებაა ფეხბურთელებისთვის. ერთი და ორი თამაში რომ იყოს, გაუძლებდა ადამიანი, მაგრამ მთელი სეზონის თვითმფრინავში გატარება წარმოუდგენელია.
როდემდე აპირებ სახალინში დარჩენას, სხვა შემოთავაზებები თუ გაქვს?
კონტრაქტი მაისამდე მაქვს და მერე რა იქნება, ვნახოთ. ახლა კი ჩემი მთავარი მიზანი სახალინში თამაში და ფორმის აღდგენაა. რაც შეეხება შეთავაზებებს, არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი _ სეზონს სახალინში დავასრულებ. 
პაატა ძნელაძე