სიახლეები

კაჭარავამ ევროპა დაგეგმა

გაუზიარე

ცხინვალის შედეგი ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ამ გუნდის მაქსიმუმი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა, მაგრამ კახა კაჭარავას შეგირდები ზამთრის შესვენებას ლიდერთა შორის შეხვდნენ და გუნდში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც აპირებენ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ცხინვალელთა დამრიგებელს თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ვესაუბრეთ და სანამ საკლუბო ამბებს დავეკითხებოდით, 2017 წელს საქართველოში გასამართ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა.

"დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ხალხს, ვისი დამსახურებაცაა ის, რომ საქართველო ასეთი დონის ტურნირს უმასპინძლებს. როგორც ვიცი, ჩემპიონატის მატჩები პირდაპირი ეთერით გადაიცემა ევროსპორტზე. ასე რომ, საქართველო საფეხბურთო ევროპის ყურადღების ცენტრში იქნება. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ყველას ვანახოთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ."

თურქულ შეკრებას როგორ შეაფასებთ?

ნაყოფიერად მოვემზადეთ, ჩავატარეთ რამდენიმე საკოტროლო თამაში. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იყო როგორც ფიზიკური მომზადების კუთხით, ასევე ფეხბურთელების შეთამაშების მხრივაც.

მაშინ, როდესაც პირველმა წრემ პრაქტიკულად 12 ფეხბურთელის ზურგზე გადაიარა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მოთამაშემაც დაგტოვათ. ეს ჩემპიონატის მეორე ნახევარში საკადრო პრობლემებს არ შეგიქმნით?

ეს მართლაც პრობლემაა, მაგრამ გარკვეული შევსება მაინც გვაქვს. ავიყვანეთ გამოცდილი დავით იმედაშვილი და კიდევ ორი ახალგაზრდა მოთამაშე დავიმატეთ გაგრადან. მთავარი პრობლემა ისაა, რომ გუნდი უკვე შეთამაშებული იყო, ახლა კი, ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. მაგრამ ეს არ გვაშინებს. ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, დაახლოებით, თანაბარი დონის 18-20 ფეხბურთელი რომ გვყავდეს, მაგრამ არსებული რესურსით უნდა გავიდეთ ფონს.

დაფინანსების მხრივ ხომ არ არის უკეთესობა?

ეს ის სფეროა, რომელიც ჩემს კომპენტენციაში არ შედის და ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხელფასები და პრემიები დროულად გაიცემა და დავალიანება არ არის. თუმცა, მთლიანობაში კლუბებს გაცილებით მეტი ყურადღება რომ სჭირდებათ, ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესი არ იქნება. სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს კლუბებს.

როგორ შეაფასებდით უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას?

ერთი რამ ფაქტია: ახლა გაცილებით მეტ ახალგაზრდას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება და ეს ნამდვილად პოზიტივია, მაგრამ გუნდებს სათანადო ყურადღება თუ არ მიექცა, მნიშვნელობა აღარ ექნება, რომელ ლიგაში რამდენი გუნდი გვეყოლება.

პირველი წრის შემდეგ მეხუთე ადგილზე ხართ და რეალურად შეგიძლიათ ევროსაგზურისთვის ბრძოლა.

რა თქმა უნდა, მიზანი ევროტურნირზე ასპარეზობაა. მართალია, კონკურენტი ბევრი გვყავს, მაგრამ პირველ წრეში ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და შედეგმა, ასევე, შესვენებისას ჩატარებულმა სამუშაოებმა ნამდვილად მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩემპიონატის სამეულში დასრულებაზე ვიფიქროთ.

ჩემპიონატთან ერთად, თასის გათამაშებაშიც წარმატებით გამოდიხართ, მეოთხედფინალში თქვენი მეტოქე ვიტ ჯორჯია იქნება. ეს ბარიერი გადაულახავად არ უნდა გეჩვენებოდეთ.

არც თასზე ვაპირებთ რაიმეს იოლად დათმობას. ვიტ ჯორჯია გამოცდილი გუნდია და ორი რთული შეხვედრა გველის, მაგრამ თასის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, შანსი ყველა გუნდს აქვს.

ნაკრების მთავარ მწვრთნელად თქვენი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი კახა ცხადაძე დაინიშნა. რას უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრების ახალი დამრიგებლისგან?

კახა მშრომელი და პროფესიონალი ადამიანია. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრების თამაში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დონის ფეხბურთელები ითამაშებენ გუნდში. სხვა შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან გაჭირდება. მთლიანობაში კი, ფეხბურთი კომპლექსურად თუ არ განვითარდა, მხოლოდ ნაკრების წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნება.

პაატა ძნელაძე