სიახლეები

გაჯიევი გრიგალავაზე: სჯობდა, ხელფასი შეემცირებინა და ფეხბურთი ეთამაშა

გაუზიარე

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გია გრიგალავას გარშემო სკანდალური ამბავი ატყდა. მახაჩყალის ანჟიმ გამოაცხადა, რომ გრიგალავას დოპინგი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ფეხბურთელმაც ისაუბრა და განმარტა, რომ დოპინგ-ტესტი მოსკოვში ჩაიტარა, რომლის პასუხიც 10 თებერვალს, ანუ დღეს გახდება ცნობილი. 

გრიგალავამ თქვა, ანჟიმ შემცირებული ხელფასით შემომთავაზა ახალი კონტრაქტი, რაზეც უარი ვთქვი და ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობამ დოპინგის ისტორია შემითხზაო. შეგახსენებთ, შარშანდელი მაისიდან მოყოლებული, ანჟიმ გრიგალავას ძირითად გუნდში თამაში არ აღირსა – სწორედ იმიტომ, რომ გიამ უარი განაცხადა გაუარესებულ კონტრაქტზე ხელმოწერაზე. ფეხბურთელი თვეობით მოკლებულია პრაქტიკას და მხოლოდ თემურ ქეცბაია ათამაშებდა ეროვნულ ნაკრებში.

რუსულ "სპორტ-ექსპრესში" პერმის ამკარის მწვრთნელის, გაჯი გაჯიევის კომენტარი გამოქვეყნდა. გაჯიევი გრიგალავას მწვრთნელი იყო ანჟიში და ფეხბურთელს კარგად იცნობს. ამ წლის დასაწყისში იყო საუბარი, გრიგალავა კარიერას ამკარში გააგრძელებსო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. 

გაჯიევი: როცა გრიგალავა ჩემთან თამაშობდა, მსგავსი პრობლემები არასოდეს ჰქონია. ზოგადად, ფეხბურთელები ზოგჯერ აძლევენ თავს უფლებას, რომ იმაიმუნონ, მაგრამ გრიგალავაზე მსგავსი არაფერი გამიგია. დარწმუნებით ვერაფერს ვამბობ, რადგან, რა ახლოსაც უნდა იყოს ადამიანი შენთან, მის პირად ცხოვრებაზე ყველაფერი ვერ გეცოდინება.

თქვენს სიტყვებში ეჭვი იგრძნობა. დოპინგთან დაკავშირებული თემა როდესმე ყოფილა გუნდში? 

როცა მაიმუნობდნენ? მაშინ ყოფილა. გრიგალავას ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ფეხბურთელის მდგომარეობა ცვალებადია და სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. როცა გუნდს სჭირდები, გათამაშებენ. არსებობს სულიერი განწყობის ფაქტორიც. აი, როცა მხოლოდ დუბლებში გავარჯიშებენ და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავ, შესაძლოა, შენი სულიერი მდგომარეობა შეიცვალოს. ჩემი აზრით, გრიგალავას გარკვეული თანხა უნდა დაეთმო ფეხბურთის სანაცვლოდ. ის ფეხბურთელია და თამაში სჭირდება. ეს თავად გიასაც ვუთხარი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამკარში მივიდოდი და ვუთხარი ამკარში დანიშვნის შემდეგაც. ვარწმუნებდი: სჯობს, ხელფასი დაიკლო, მაგრამ ფეხბურთი ითამაშო. ყველა სხვა ფეხბურთელი დათანხმდა ხელფასის შემცირებას მას შემდეგ, რაც ანჟი პრემიერლიგიდან გავარდა. ეს ნორმალური პროცესია. თუ მწვრთნელი გეუბნება, რომ არ სჭირდები, რაღას ზიხარ გუნდში? მაგალითად, ანგბვა წავიდა. გრიგალავას ამკარში ვიწვევდი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმ თანხის გადახდა, რასაც ანჟი აძლევდა ფეხბურთელს. გრიგალავამ უარი გვითხრა გადმოსვლაზე და ვფიქრობ, შეცდა. ჩემი აზრით, მას აქამდე თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი არ გამოუვლენია. 

ილია ნანობაშვილი