სიახლეები

საქართველო ირჩევს ალის

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენმდივანი რევაზ არველაძე შვეიცარიიდან დაბრუნდნენ. ისინი უეფაში 21-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილიყრას დაესწრნენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს და აღმასკომის წევრებს მადლობაც გადაუხადეს იმისთვის, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონტის მასპინძლობისთვის მხარი სწორედ საქრთველოს დაუჭირეს. ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის ვიზიტისას დადასტურდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს წარადგენს... ნიონის ამბებზე სასაუბროდ, გუშინ რევაზ არველაძეს მივმართეთ.
"დიახ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინგლისთან, აშშ-თან, მალტასთან და იორდანიასთან ერთად არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ფიფას პრეზდენტის პოსტზე ალი ჰუსეინს წარადგენს" _ გვითხრა თბილისში დაბრუნებულმა სფფ-ის გენმდივანმა, _ ალის საფეხბურთო ხედვა, ზოგადად ფეხბურთის განვითარების მისეული პროგრამა, რომელიც თავისთავად ფინანსურ საკითხებსაც გულისხმობს, ჩვენთვის სხვა კანდიდატებზე მეტად მისაღები აღმოჩნდა. დამეთანხმებით, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ინგლისი, არ არის ის ქვეყანა, რომელმაც, შესაძლოა, რომელიმე კანდიდატი დაუფიქრებლად წარადგინოს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ალის საარჩევნო პროგრამაში ევროპულ ფეხბურთს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს.  
პირადად შეხვდით ალი ჰუსეინს?
არ შევხვედრილვართ, თუმცა კი ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრეთ. ალისთან შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება, სადაც უფრო დეტალურად გავივლით მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
ფიფას პრეზიდენტის პოსტზე უეფა რომელ კანდიდატს წარადგენს?
ისე არ არის, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე თითოეულმა კონფედერაციამ საკუთარი კანდიდატი აუცილებლად უნდა წარადგინოს. აგერ, მაგალითად, ალის კანდიდატურა სამმა ევროპულმა ქვეყანა წამოვაყენეთ. ასევე არის პორტუგალიელი ლუიშ ფიგუსა და ჰოლანდიელი მიშელ ვან პრააგის კანდიდატურები. სხვათა შორის, ვან პრააგი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ. ამ სამიდან, ზეპ ბლატერის კონკურენტი ერთი კანდიდატი იქნება, რომლის ვინაობაც მალე გვეცოდინება. 
21-წლამდელების წილისყრაზე რას გვეტყვით?
ძალიან რთულ ჯგუფში რომ მოვხვდით, ეს სადავო არავისთვის უნდა იყოს. თავიდან თითქოს წილისყრა საჩვენოდ დაიწყო, მაგრამ ესპანეთის ჩვენს ჯგუფში მოხვედრამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და საბოლოოდ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი დაკომპლექტდა. არადა, შეიძლებოდა, რომ ესპანეთის ნაცვლად, ჩვენს ჯგუფში ჩეხეთი ან დანია მოხვედრილიყო. ჩემი აზრით, ესპანეთს ჩვენთვის ინგლისთან თამაშიც აჯობებდა... მოკლედ, ჯგუფში მაინცდამაინც არ გაგვიმართლა, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. 21-წლამდელთა გუნდის კანდიდატებს უკვე საკმაო სანაკრებო გამოცდილება აქვთ, ისინი რამდენიმე წელიწადია ერთად თამაშობენ და შეუძლიათ თავიანთი ომახიანი სიტყვა თქვან ამ შესარჩევში. 
კალენდრით უკმაყოფილო არ იქნებით...
კალებდრით კმაყოფილი ვარ. შესარჩევ ციკლსაც და 2016 წელსაც შედარებით სუსტ მეტოქესთან მატჩებით ვიწყებთ, წარმატებული დასაწყისი კი, დამეთანხმებით, ყველა საქმეში მნიშვნელოვანია... 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს და 2016 წელსაც, 3 ივნისს და 23 მარტს სან-მარინოსთან ჯერ სტუმრად, შემდეგ კი შინ მატჩებით დაიწყებს. რაც შეეხება ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 29 მაისს შედგება. ჩვენების კანდიდატი, 39 წლის ალი ბინ ალ ჰუსეინი იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ის, პარალელურად, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ. ექსპერტები თვლიან, რომ იგი, ბლატერის შემდეგ, ყველაზე სერიოზული კანდიდატურაა და გამარჯვების შანსი აქვს. 
ფიფაში 209 ასოციაციაა გაწევრიანებული და შესაბამისად, ფიფას პრეზიდენტსაც 209 ხმოსანი დელეგატი აირჩევს.  
კობა ინასარიძე