სიახლეები

დილამ რუმინელები ბოლოს გატეხა

გაუზიარე

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის დილამ ამხანაგურ მატჩში 1:0 მოუგო ბუქარესტის რაპიდს, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. ეს ის რაპიდია, რამდენიმე დღის წინ თბილისის ლოკომოტივს 0:0-ზე რომ გაეყარა. გორელები თამაშით სჯობდნენ რუმინელებს და ბოლო წუთზე მაინც შესძლეს ანგარიშში გარდასახვა: გოლი ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა გაიტანა ლამაზი თავური დარტყმით. ბაგაევს საგოლე პასი კიდევ ერთმა უცხოელმა, სერბმა მარცხენა მცველმა სლავკო მარიჩმა გაუკეთა. 
ბაგაევი 23 წლისაა, რუსეთის მოქალაქეა და ბოლოს ვლადიკავკაზის ალანიაში თამაშობდა. ალანია რუსეთის მეორე დივიზიონშია. რაც შეეხება მარიჩს, 30 წლის ფეხბურთელი ბოლოს საბერძნეთის მეორელიგელ ლამიაში ირიცხებოდა. ბაგაევიც და მარიჩიც უჩა სოსიაშვილის გუნდში გასინჯვაზე არიან. 
ქართველთაგან პირველი საგოლე მომენტი ჰქონდა ირაკლი მოდებაძეს, რომელმაც კვეკვესკირი-ხურცილავას კომბინაცია ახლოდან არაზუსტი დარტყმით დაასრულა. მოდებაძეს მეორე ტაიმშიც შეეძლო გატანა, მაგრამ მცველებმა ბოლო წამს შეუსალეს ხელი. მთლიანობაში, ბევრი ხიფათი არ შექმნილა ამ შეხვედრაში, თუმცა უფრო მწვავედ გორელები უტევდნენ. რუმინელებს მეორე ტაიმის შუაწელს ჰქონდათ იდეალური შანსი და არეულობისას დილას კარი ძელმა იხსნა. 
დილა: სომხიშვილი, ხურცილავა, კვახაძე, ხიდეშელი (ბაგაევი 8), ჯაფარიძე (მარიჩი 66), ფალავანდიშვილი, რაზმაძე, სეთურიძე (გვალია 74), კვეკვესკირი (თექთურმანიძე 80), გორელიშვილი (ახალკაცი 70), მოდებაძე
ქართველთაგან გაფრთხილება მიიღეს ნიკა კვეკვესკირმა და გუგა ფალავანდიშვილმა.  სოსიაშვილის გუნდისთვის ეს მეოთხე ამხანაგური მატჩი იყო თურქეთში. მანამდე პოლონურ იაგელონიასთან და გერმანულ აუერბახთან 1:1 ითამაშეს, შვეიცარიული იანგ ბოიზის მეორე გუნდს კი 1:0 სძლიეს. 
ილია ნანობაშვილი