სიახლეები

სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა

გაუზიარე

დღეს, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი 2015 წელს პირველად შეიკრიბა. დღის წესრგში ხუთი საკითხი იყო და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი - ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცება და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კალენდრების მიღება.

პირველ საკითხად ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცება იყო, რასაც აღმასკომმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ნაკრების ახალ თავკაცთან - კახა ცხადაძესთან გაფორმებულია 6 თვეს + 2 წელი - ხანგრძლივობის კონტრაქტი. მიზნებში კი, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ან მინიმუმ საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში გასვლაა. მთავარი მწვრთნელის მუშაობა მხოლოდ ამ შედეგებით შეფასდება დამაკმაყოფილებლად.

ამ საკითხის შემდეგ, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კალენდრების ვარიანტები და აღმასკომს განსახილველად შესთავაზა. მსჯელობის შემდეგ, კალენდრები დამტკიცდა. კალენდრების ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

აღმასკომმა, ასევე, დაამტკიცა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების სტრუქტურის ახალი რედაქცია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში და სადისციპლინო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

ეს ცვლილებები შეეხება ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ვიდეოჩანაწერების დროულად წარმოდგენას.

სფფ-ის პრესსამსახური