სიახლეები

ვიტ ჯორჯიას პრობლემები არ აშინებს

გაუზიარე

უმაღლესი ლიგის გუნდების დიდი უმრავლესობა, მეორე წრისთვის საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში ემზადება, ვიტ ჯორჯია კი, მათ შორისაა, საქრთველოში რომ დარჩნენ და აქ აგრძელებენ წვრთნას.

მართალია, ვეტერინარები პირველი წრის შემდეგ 12 ქულით გასავარდნ ზონაში არიან, მაგრამ ვიტ ჯორჯიას, ამაზე რთული სიტუაციებისთვისაც დაუღწევია თავი და ვფიქრობთ, ამჯერადაც შეძლებენ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას. არც ის დავივიწყოთ, რომ ზურაბ ბერიძის გუნდი თასის გათამაშების მეოთხედფინალშიც არის გასული.

გუნდის ამბებზე მთავარ მწვრთნელს ზურაბ ბერიძეს ვესაუბრეთ.

"ღვთის წყალობით, მშვენიერი ამინდებია და სრულყოფილად ვარჯიშში ესეც გვიწყობს ხელს. რამდენიმე ამხანაგური თამაში უკვე გავმართეთ. მორიგ შეხვედრას 6 თებერვალს ჩავატარებთ, მცხეთაში ტყიბულის მეშახტეს ვუმასპინძლებთ. გვყავს ახალწვეულებიც: ზესტაფონიდან დავიმატეთ მეკარე კუპატაძე, რომელსაც მშვენიერი მონაცემები აქვს და ვფიქრობთ, გამოგვადგება; ოზურგეთის მერცხალში თამაშობდა კალაჯიშვილი, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ ვიტ ჯორჯია გააძლიეროს. მართალია, სატურნირო ცხრილში სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ვიტ ჯორჯია ბოლომდე იბრძოლებს და ვნახოთ, სად, რომელი ადგილით დავასრულებთ ჩემპიონატს. სეზონს კი ცხინვალთან თამაშით განვაახლებთ და არც ამ მატჩში ვაპირებთ რაიმეს დათმობას."

ვიტ ჯორჯია კერძო კლუბია, მას მუნიციპალიტეტი არ ეხმარება და ხელშეწყობაც ნაკლები აქვს. სწორედ ამაზე წუხს გუნდის გამოცდილი თავკაცი: `ძალიან კარგია, ჩვენი გუნდები საზღვარგარეთ რომ ემზადებიან მეორე წრისთვის, ღმერთმა ყველა კლუბს უფრო მეტის საშუალება მისცეს. ლამის მთელი ცხოვრებაა, ქართულ ფეხბურთში ვარ და როგორ შეიძლება, რომელიმე ქართული გუნდის წარმატება არ გამიხარდეს, მაგრამ, ჩემი სატკივარი ისაა, რომ კერძო კლუბებს ხელს არ უწყობენ. მაგალითად, ვიტ ჯორჯია 18 წელია, კერძო კლუბია, ამასთან, მოგეხსენებათ, დღეს ჩვენში კლუბის პატრონობა, მხოლოდ ხარჯია. ასეთ სიტუაციაში, პიროვნებას, რომელმაც აქამდე მოიყვანა გუნდი და ეს ქართული ფეხბურთის სიყვარულით გააკეთა, გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, სულ სხვა რეალობას ვხედავთ. არაუშავს, ვიტ ჯორჯია ყოველთვის შეკრული, მეგობრული გუნდი იყო, არაერთხელ გადაგვილახავს სიძნელეები და გვჯერა, ამჯერადაც ასე იქნება.~

პაატა ძნელაძე