სიახლეები

კაჭარავა როსტოვს შეუერთდა

გაუზიარე

ცხინვალის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა როსტოვის შემადგენლობაში ვარჯიშობს. იგი რუსულ კლუბს ანთალიაში შეუერთდა, სადაც ცხინვალი და როსტოვი ერთდროულად გადიან შეკრებას.
ჯერჯერობით უცნობია, გააფორმებს თუ არა 21 წლის ფორვარდი კონტრაქტს როსტოვთან. სადღეისოდ ის არის ცნობილი, რომ როსტოვის სკაუტს კაჭარავა 1 თებერვალს, ცხინვალისა და პოლონური გურნიკის ამხანაგურ მატჩში უნახავს და მოსწონებია. რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ როსტოვს კაჭარავას გარდა, კიდევ სამი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა.
ცნობისთვის, როსტოვის თავკაცი ყურბან ბერდიევია, რომელმაც ყაზანის რუბინი ორჯერ გახადა რუსეთის ჩემპიონი და ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე გამორჩეულ მატჩში უხელმძღვანელა. სწორედ, ბერდიევის თავკაცობით სძლიეს ყაზანელებმა "კამპ ნოუზე" მრისხანე ბარსელონას. 
იმ დროს, რუბინში ლაშა სალუქვაძე და ნუკრი რევიშვილი თამაშობდნენ. ბერდიევს სხვა ქართველებთანაც უმუშავია და ჩვენებურები მის ხელში ყოველთვის "იხსნებოდნენ". მოგვიანებით, რუბინში კაჭარავაც ირიცხებოდა, ოღონდ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.
ნიკამ, რომელიც ცხინვალის მწვრთნელის, კახა კაჭარავას ვაჟია, საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ოთხ სათასო შეხვედრაში კი, თავი სამჯერ გამოიჩინა. უთამაშია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელთან ერთადაც 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერლიგის პირველი წრის შემდეგ, როსტოვი ბოლო, მე-16 ადგილზეა, თუმცა, სამშვიდობოს კატასტროფული სხვაობით არ ჩამორჩება და ელიტაში დარჩენის შანსები მასაც აქვს.
შესაძლოა, როსტოვში ჯანო ანანიძე დაბრუნეს, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა...

ლევან ჯანეზაშვილი