სიახლეები

21-წლამდელების ევროშესარჩევი: პოლონეთამდე რთული გზაა

გაუზიარე

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს პოლონეთში გაიმართება და ფინალურ ეტაპზე არა რვა, არამედ თორმეტი ნაკრები ითამაშებს. გუშინ საბოლოოდ გაცხადდა საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი, წილისყრის თარიღი და კალენდარული დღეებიც. 5 თებერვალს საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, ანუ ჯგუფებიც დაკომპლექტდება.

იქნება ცხრა ჯგუფი: ერთი ხუთგუნდიანი და რვა ექვსგუნდიანი. პირველ ადგილზე გასულები ავტომატურად მოხვდებიან ფინალურ ეტაპზე, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფის წესით გამოავლენს კიდევ ორ ნაკრებს და ისინიც წავლენ პოლონეთში. საბოლოოდ გროვდება 11 ნაკრები, რომელთაც დაემატება მასპინძელი პოლონეთი.

ასე რომ, საკმაოდ რთული ამოცანა ექნება გადასაჭრელი საქართველოს ნაკრებს. მართალია, ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ თავადაც ხედავთ, ძალიან ციცაბო გზაა.

საკვალიფიკაციო მატჩების კალენდარული დღეები: 2015 წელი: 23-31 მარტი, 8-16 ივნისი, 31 აგვისტო - 8 სექტემბერი, 5-13 ოქტომბერი, 9-17 ნოემბერი; 2016 წელი: 21-29 მარტი, 29 აგვისტო - 6 სექტემბერი, 3-11 ოქტომბერი.

მეორეადგილოსანთა პლეი ოფის მატჩები 2016 წლის 7 და 15 ნოემბერს ჩატარდება. ფინალური ეტაპი კი 2017 წლის ზაფხულში გაიმართება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბოლო წლებში რვა გუნდი გადიოდა. ევრო 2015-ის რვა საუკეთესო, როგორც იცით, ცნობილია. ტურნირს ჩეხეთი უმასპინძლებს 17-30 ივნისს და ჯგუფები ასე გამოიყურება: I – ჩეხეთი, გერმანია, დანია, სერბეთი. II – ინგლისი, იტალია, პორტუგალია, შვედეთი.

შეგახსენებთ, წინა ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა: მეტოქეები სლოვაკეთი, ჰოლანდია, შოტლანდია და ლუქსემბურგი იყვნენ. ალექსანდრე ჩივაძის გუნდის აქტივში განსაკუთრებით გამოსარჩევია ჰოლანდიაში 1:0 მოგება. ასევე, შინ შოტლანდიელების დამარცხება – 2:1.

მომდევნო საკვალიფიკაციო (ფინალურზეც) ეტაპზე 1994 წელს დაბადებულები და უმცროსები ითამაშებენ.

ილიანანობაშვილი  

"Cveni TamaSi"