სიახლეები

ღია ვარჯიში და ახალი მწვრთნელის დაპირება

გაუზიარე

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ქუთაისის ტორპედომ საკუთარ ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები კლუბის გულშემატკივრებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. ქომაგთა კლუბ `ჯუნგლებს~ ტორპედოელები სამომავლო წარმატებებს შეჰპირდნენ.
ტორპედოში კიდევ ერთმა ახალწვეულმა ივარჯიშა – 22 წლის ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ, რომელსაც ქუთაისურ გუნდში ახალი კაცი არ ეთქმის. მას ტორპედოში ადრეც უთამაშია. ბოლოს კირკიტაძე ისრაელის პირველი ლიგის ბინადარ ირონში გამოდიოდა.
„ტორპედო ჩემით არ იწყება და არ მთავრდება. კლუბის პირველი პირი იქნება თუ მინდვრის მუშა, ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დავუბრუნოთ ქუთაისის ტორპედოს ძველი სახე და ტრადიციები. წარმატებებს მაშინ მივაღწევთ, როცა ვიშრომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. ეს ძალიან რთულია. წარმატება ერთ დღეში არ მოდის, ამას დრო უნდა, რაც ჩვენ ცოტა გვაქვს. ჩვენ ადრე დავიწყეთ მზადება, ხშირად გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, ლამისარის, დღე და ღამე ერთად ვართ იმისთვის, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ვნახე, ვის რა პოტენციალი აქვს და რა უნდა მოვთხოვოთ. ჩვენი ფეხბურთელები უნდა ჩავაყენოთ ისეთ ფორმაში, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ სეზონის განახლებას. ტორპედოს ყველანაირი პირობა აქვს, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს, მომდევნო ჩემპიონატიდან კი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტორპედო წარმატებული კლუბი იყოს როგორც საქართველოში, ისე ევროასპარეზზეც~, - თქვა გუნდის ახალმა თავკაცმა გიორგი დარასელიამ.
მან კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ტორპედოს თამაშის საკუთარი ხედვაც გაუზიარა:
`მინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ითამაშონ შემტევი და ლამაზი ფეხბურთი. ამასთან, ნაკლები გოლი უნდა გავუშვათ. ჩვენი სათამაშო სტილი ისეთიიქნება, ქართველ გულშემატკივრებს რომ მოეწონებათ _ აგრესიული, სწრაფი თამაში, ბრძოლა ყველა მონაკვეთზე და ბურთის ნაკლებადკარგვა. ისე უნდა მოვამზადოთ ფეხბურთელები, რომ თუ საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ, იქ მწვრთნელებს არ დასჭირდეთ მათზე ზედმეტი დროის ხარჯვა~.
დარასელიას გუნდის დაკომპლექტების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულად მიაჩნია. შესაძლოა, ტორპედომ მხოლოდ ერთი ახალი ფეხბურთელი, კერძოდ კი, ნახევარმცველი დაიმატოს, მომავალში კი ქუთაისელთა მწვრთნელმა არც ლეგიონერების მიწვევა გამორიცხა.
ტორპედო ანთალიაში 29 იანვარს გაემგზავრება.

ლევან ჯანეზაშვილი