სიახლეები

50/50: მთავრობა და კოკაია მორიგდნენ. ზესტაფონს მიქაძე გაწვრთნის

გაუზიარე

ზესტაფონის ამბავი სასიკეთოდ გადაწყდა -გუნდი საქართველოს ჩემპიონატში თამაშს განაგრძობს.

გეხსომებათ, კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მიმდინარე სეზონის პირველი წრის შემდეგ თითქმის გადაწყვიტა, ამ საქმისთვის თავი დაენებებინა და ზესტაფონი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, მისმა თანაშემწეებმა და პირველი გუნდის მოთამაშეთა უმეტესობამ.

ამის შემდეგ კლუბის სვე-ბედით ქალაქ ზესტაფონის მთავრობა დაინტერესდა და კოკაიასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტისგან საამსეზონოდ 200 000 ლარს მიიღებს, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი წლეულს 300 000 ლარი გამოიყოფა. თავის მხრივ, კოკაიაც განაგრძობს კლუბის ინვესტირებას, საბოლოო ჯამში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და კოკია სანახევროდ გაიღებენ ხარჯებს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონისთვის.  კლუბის სტადიონი და ბაზა ჯერ არ გადასულა ქალაქის ბალანსზე.

და ვინ იქნება ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი? ამ თანამდებობას გიორგი მიქაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე ზესტაფონის მეორე გუნდს წვრთნიდა. მიქაძე სამი წელია, ამ კლუბში მუშაობს. მისი თანაშემწე ლევან ბაჯელიძე იქნება, სამწვრთნელო შტაბში იქნება ბორის გონჩაროვიც.

ჩვენი ინფორმაციით, ზესტაფონს პირველი გუნდიდან სამი ფეხბურთელი შერჩა; მეკარე დავით კუპატაძე, მცევლი მალხაზ გაგოშიძე და თავდამსხმელი გიორგი ილურიძე. მიქაძე, სავარაუდოდ, დუბლშემადგენლობიდან დაიმატებს ფეხბურთელებს პირველი გუნდისთვის და დღეს ასეთნაირად ჩაატარებს პირველ ვარჯიშს მთავარი მწვრთნელის რანგში.

დავით თავართქილაძე

"ჩვენი თამაში"