სიახლეები

აკადემია სრული სვლით

გაუზიარე

გუშინ თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ფრანგი სპეციალისტი ლოიკ ბორიე, რომელიც ჟან ფრანსუა დომერგის თანაშემწეა ფიზმომზადების დარგში. შეგახსენებთ, რომ დომერგი უეფას მხრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის კურატორია, თბილისს სტუმრობს ხოლმე და ინსპექტირებითა და პრაქტული რჩევებით კონსულტაციებს უწევს ჩვენს მწვრთნელებს. ამჯერად დომერგმა თბილისში ფიზმომზადების სპეციალისტი მოავლინა, რომელმაც გუშინ პირველი საჩვენებელი წვრთნა გამართა.

როგორც აკადემიის მენეჯერმა გიორგი ხაჩიძემ გვაცნობა, ვარჯიში გამძლეობის, სიჩქარისა და ფიზიკური მომზადების სხვა კომპონენტებში ჩატარდა. ეს გახლავთ თანამედროვე მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს იმის გამოვლენას, თუ რა დონეზეა ფეხბურთელების ფიზიკური მზადყოფნა და, კერძოდ, რა მხრივ სჭირდებათ აკადემიაში მოვარჯიშე ჭაბუკებსგანსაკუთრებული, სპეციფიკური დახმარება. ფრანგი სპეციალისტის გუშინ ჩატარებული ტესტების შედეგები მწვრთნელებს მისცემს საშუალებას, დაადგინონ ფიზიკური განვითარების რა სტადიაზე იმყოფებიან ფეხბურთელები. შესაბამისად, ისინი დაიყოფიან დაბალ, საშუალო და მაღალ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფთან ჩატარდება შესაბამისი დატვირთვის წვრთნები. 8-12 კვირაში კი აკადემიის ქართველი მწვრთნელები უკვე დამოუკიდებლად ჩაატარებენ განმეორებით ტესტებს, რათა თვალი ადევნონ ჭაბუკი ფეხბურთელების ფიზიკური განვითარების დინამიკას.

საგულისხმოა, რომ ამ პროცესში ჩართულია და მონიტორინგს აწარმოებს ცნობილი სპორტული ექიმი ვალერი ახალკაცი

"ჩვენი თამაში"