სიახლეები

მარცხი, მარცხი, მარცხი... კაშიამ ჰერენვეენს თავით გაუტანა

გაუზიარე

ჰოლანდიის ერედივიზიონში ჰერენვენი-ვიტესი 4:1 დასრულდა და წაგებულთაგან ერთადერთი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. ეს 77- წუთზე თავური დარტყმით მოახერხა საქართველოს ნაკრების მცველმა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. კაშიასთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

გურამმა და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ვერა და ვერ გამოსწორდა ვიტესი, გუნდი ძალიან არეული ჩანს. კაშიამ ორიოდე კვირის წინ იმედი გამოთქვა, სეზონს ცხრილის ზედა ნაწილში დავამთავრებთ და ევრიოტურნირებზე გავალთო, მაგრამ ასეთი თამაშით ვიტესის ათეულში მოხვედრაც კი დიდად საეჭვოა.  

თურქეთში შოთა არველაძის ქასიმფაშამ შინ 0:3 წააგო ლიდერ ფენერბაჰჩესთან და მეშვიდე ადგილზეა. დუბლი შეასრულა ჰოლანდიელმა დირკ კუიტმა, ხოლო ბრაზილიელმა დიეგომ ორი საგოლე პასი მიითვალა. სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ, შოთას გუნდმა თამაშში გარდატეხა ვეღარ შეიტანა.

"უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ჩვენს მოქმედებებს ეფექტი აკლდა. მტკივნეული მარცხია და ვეცდებით, სიტუაცია გამოვასწოროთ", – თქვა არველაძემ ნამატჩევს.

საბერძნეთის სუპერლიგაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ოფი- ვერაფერი დაუპირისპირა პირეოსის ოლიმპიაკოსს და 0:3 წააგო. გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდი ფინანსურ კრიზისშია, ზედიზედ დიდი ანგარიშით აგებს. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს და ლორიას ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ ყოფილა: ერთი პენალტით გაუტანეს. მერებაშვილმა კი ორჯერ სახიფათოდ დაარტყა კარისკენ და ორივეჯერ სიზუსტემ უმტყუნა. ოფი ბოლოდან მესამე ადგილზეა.

საბერძნეთშივე, აკაკი ხუბუტიას კერკირამ შინ 4:0 სძლია ვერიას. ქართველი მცველი 88- წუთზე შეცვლაზე შეიყვანეს. კერკირა მერვე პოზიციაზეა.

საფრანგეთში ბასტია-ბორდო 0:0 დასრულდა. ლუკა კიკაბიძე ბასტიელთა განაცხადში ვერ მოხვდა.

ილიანანობაშვილი