სიახლეები

ელიტრაუნდების წილისყრა - მძიმე მეტოქეები, შანსები, მოლოდინები...

გაუზიარე

დღეს, 3 დეკემბერს, ნიონში უეფას შტაბ-ბინამ, ტრადიციულად, 17 და 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ელიტრაუნდების წილისყრას უმასპინძლა. საქართველოდან წილისყრას სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ.

თავდაპირველად, ელიტრაუნდებზე ვთქვათ... საქართველოს 17-წლამდე ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფში მოხვდა. გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქეები ჰოლანდია, ბელგია და ჩრდ.ირლანდია იქნებიან. ჯგუფის მასპინძელი 2015 წლის 12,14 და 17 მარტს ჰოლანდია იქნება.

გოჩა ტყებუჩავა: „ვფიქრობ, ყველასთან თამაში შეიძლება და ჩვენი შანსია ისიც, რომ ელიტრაუნდიდან უკვე ორი გუნდი გადის. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესოდ მოვემზადოთ და ყველა მატჩს მობილიზებულები შევხვდეთ. მოსამზადებელ ეტაპს იანვრიდან დავიწყებთ და მინსკში, საერთაშორისო ტურნირზე გავემგზავრებით, სადაც საკმაოდ კარგი ნაკრებები ჩამოვლენ და მათთან მოვსინჯავთ ძალებს. ელიტრაუნდამდე კი, ისე გავწერთ მოსამზადებელ ციკლს, რომ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.“

მძიმე მეტოქეები ერგო 19-წლამდე ნაკრებს. გიორგი დევდარიანის გუნდი ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან შეეცდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას. საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებების შედეგად, ტურნირის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. ანუ ელიტრაუნდი 2015 წლის 29, 31 მაისსა და 3 ივნისს თბილისში გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ყოველწლიურად ვმასპინძლობთ, 2012 წლის მარტის მერე, თბილისში ელიტრაუნდი აღარ ჩატარებულა. 2012 წელს კი, ყველას კარგად ახსოვს ვასილ მაისურაძის გუნდის (17-წლამდე ნაკრები) ტრიუმფი ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებებთან.

რაც შეეხება 2015/16 წლების 17 და 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპებს, წილისყრამ ასეთი მეტოქეები გვარგუნა:

1999 წელს დაბადებულთა ნაკრები (ახლანდელი U16), რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე უკვე 17-წლამდე ასაკში იასპარეზებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებს შეხვდება. ტურნირი 2015 წლის 24, 26, 29 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.

რაც შეეხება 1997 წელს დაბადებულთა ნაკრებს (ახლანდელი U18), ნოდარ აკობიას გუნდის მეტოქეები ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 2015 წლის 12,14,16 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.

ასე რომ, მომავალი წლისთვის, სფფ ერთი ელიტრაუნდისა და ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელი იქნება.   

 

სფფ-ის პრესსამსახური