სიახლეები

ელიტრაუნდების წილისყრა მოახლოვდა - იმედები, მოლოდინები...

გაუზიარე

ხვალ, 3 დეკემბერს, ნიონში უეფას შტაბ-ბინა, ტრადიციულად, 17 და 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ელიტრაუნდების წილისყრას უმასპინძლებს. ყოველწლიურად, ამ დღეს მოუთმენლად ველით, რადგან ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების დამსახურებით, ორივე ასაკში მუდმივად ვართ ელიტრაუნდის მონაწილეები.

ნიონში უკვე გაემგზავრნენ სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, რომლებიც წილისყრას უშუალოდ დაესწრებიან და ჩვენს მომავალ მეტოქეებთან და სავარაუდო სპარინგ-პარტნიორებთან მოლაპარაკებებსაც გამართავენ. ასევე, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი, რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებულ ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და  ფედერაციის ოფისში, პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე წილისყრის საცქერად 17 და 19-წლამდე ნაკრებების მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და მედიის წარმომადგენლებს შეკრებს.

წილისყრა ნიონში 3 დეკემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და თავდაპირველად, 2015-16 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპების ჯგუფები გაირკვევა. ამის შემდეგ, 13:40 წუთიდან, უკვე 17-წლამდელთა ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება. ელიტრაუნდში მონაწილე გუნდები ოთხ კალათში გადანაწილდებიან:

კალათი A: გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, ინგლისი, ავსტრია, პორტუგალია, ჰოლანდია, ჩეხეთი

კალათი B: ხორვატია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ბელგია

კალათი C: ნორვეგია, საქართველო, სლოვაკეთი, ბელორუსი, უნგრეთი, სერბეთი, ისლანდია, შვედეთი

კალათი D: საბერძნეთი, ისრაელი, სლოვენია, უელსი, ჩრდ.ირლანდია, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უკრაინა

წელს პირველად, უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, ელიტრაუნდის ჯგუფებიდანაც ორ-ორი გუნდი გავა და ფინალურ ეტაპზე, ამ გუნდებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ბულგარეთი დაემატება. ჩემპიონატი კი, 6-22 მაისს გაიმართება.

უეფას საგანგებო საკითხთა განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, წილისყრაზე, არც ერთ ასაკში რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან.

 

14:20 წუთიდან კი, უკვე 19-წლამდელთა წილისყრა დაიწყება და გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქეებიც გაირკვევა. 19-წლამდელთა წილისყრაც იგივე პრინციპით ჩატარდება:

კალათი A: ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, მონტენეგრო

კალათი B: ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი, ირლანდია

კალათი C: ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, დანია, ბელგია, სერბეთი, საქართველო

კალათი D: ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, შოტლანდია

19-წლამდელთა ელიტრაუნდისა და ევროპის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელია და ჯგუფებიდან კვლავ თითო გუნდი გადის. პირველადგილოსნებს კი, ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთი შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატი 6-19 ივლისს გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური