სიახლეები

დილა ლიდერს მიუახლოვდა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„სამტრედია“ სამტრედია - „ჩიხურა“ საჩხერე 3-1

გოლი: 67’ თორნიკე გორგიაშვილი („სამტრედია“), 78’ ზვიად სიხარულია („ჩიხურა), 79’, 83’ ილია კერძევაძე („სამტრედია“)

გაფრთხილება: 68’ დენის დობროვოლსკი, 69’ თემურ ღონღაძე (ორივე „ჩიხურა“), 69’ გიორგი დათუნაიშვილი

მატჩმა სტატუსი სრულად გაამართლა და სტადიონზე თუ ტელევიზორებთან შეკრებილმა გულშემატკივრებმა საინტერესო სანახაობა იხილეს. პირველ ტაიმში გუნდებმა არც თუ ისე სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს, სამტრედიელები შეტევას ცდილობდნენ, საჩხერლები კი, მწყობრად იცავდნენ თავს და ცდილობდნენ კონტრშეტევებზე ემოქმედათ. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო, მაგრამ ზაზა ზამთარაძის შეგირდებამ გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება შეძლეს და შეხვედრაც უფრო საინტერესო გახდა, „სამტრედია“ მომენტს მომენტზე ქმნიდა და როგორც ამბობენ გოლი ანმდვილად მწიფდებოდა. ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა, კვირკველიას ჩაწოდების შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა თორნიკე გორგიაშვილმა უძლიერესი დარტყმით გაუტანა ქვილითაიას. შეხვედრა კვლავ მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ 78-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზვიად სიხარულიამ თორნიკე მუმლაძის პასით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. სტუმრების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, ზუსტად ერთ წუთში სამტრედიელებმა კუთხურის ოწოდების უფლება მოიპოვეს და სტანდარტის შედეგად საჯარიმოში ყველას ახალგაზრდა, ილია კერძევაძემ, დაასწრო და თავით აუღებელი დაურტყა გამოცდილ მეკარეს. 4 წუთში იგივე კერძევაძემ დუბლის გაფორმება მოახერხა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქისირა და საკუთარ გუნდს სამი ქულაც გაუნაღდა. ამ ქულების წყალობით „სამტრედიამ“ მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა და ხუთი ქულით ჩამორჩება ლიდერს.



„დილა“ გორი - „მერანი“ მარტვილი 1-0

გოლი: 7’ რომან ახალკაცი („დილა“)

გაფრთხილება: 23’ ბესიკ ჩიმაკაძე, 29’ სერგი ორბელაძე (ორივე „მერანი“), 56’ გიორგი სეთურიძე, 56’ დავით ხურცილავა (ორივე „დილა“), 86’ ვაჟა ლომაშვილი („მერანი“)

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო „დილამ“ და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის „დინამომ“ საკუთარი შეხვედრა „გურიას“ წინააღმდეგ 1-2 დათმო, სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. აღნიშნული მატჩი გორელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მათ უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ერთი გატანილი გოლი იხილეს. ეს ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გავიდა, დილელებმა პრაქტიკულად პირველივე შეტევა გოლად აქციეს, მარტვილელი მცველების შეცდომით რომან ახალკაცმა ისარგებლა. თავისმხრივ ამ მარცხით რამდენიმე თვიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა მარტვილის „მერანმა“, რაც რა თქმა უნდა, ამ გუნდის გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისათვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში მეგრელები მაინც კარგად ასპარეზობენ და ნებისმიერი მეტოქისათვის კერკეტ კაკლად ითვლებიან.



„კოლხეთი“ ფოთი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 2-1

გოლი: 52’ დათა სიჭინავა, 59’ შოთა ჯიქია (ორივე „კოლხეთი“), 67’ ლევან კუხალაშვილი („ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 39’ ირაკლი ღიბრაძე, 41’ მათე კვირკვია (ორივე „ვიტ-ჯორჯია“), 45’ ომარ გოგონაია, 71’ გიორგი ლემონჯავა, 87’, 90’ ლუკა გუგუჩია (სამივე „კოლხეთი“)

გაძევება: 90’ ლუკა გუგუჩია („კოლხეთი“)

კოლხტა გამარჯვეით დასრულდა ლანჩხუთში გამართული უშუალო კონკურენტების დაპირისპირება. ამ გამარჯვების წყალობით ფოთელებმა გასავრდნ ზონას თავი დააღწიეს, თბილისლები კი, პირიქით ცცხრილსი ფსკერზე დაეშვნენ. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა სამი გოლი და წითელ-ყვითელი ბარათებიც იხილეს, მოკლედ მოლოდინისამებრ შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ანგარიში 52-ე წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, მალევე 59-ეზე შოთა ჯიქია სხვაობა ორამდე გაზარდა. ვიტელებმა კი, გაიბრძოლეს, მაგრამ მათ მხოლოდ ანგარიშის შემცირებაღა შეძლეს, 67-ე წუთზე ლევან კუხალაშვილმა დააფიქსირა საბოლოო შედეგი. 



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ ბათუმი 2-4

გოლი: 18’ თეიმურაზ შონია („დინამო“ ბათუმი), 25’ გიორგი ილურიძე („ზესტაფონი“), 39’ დიმიტრი ტატანაშვილი, 43’ გელა გოგიტიძე, 68’ გიორგი ბერიაშვილი (სამივე „დინამო“ ბათუმი), 74’ გიორგი ხიდეშელი („ზესტაფონი“)

გაფრთხილება: 42’ ლევან შარიქაძე („ზესტაფონი“)

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ბათუმის „დინამომ“, ამჯერად ბათუმელები საშინაო არენაზე მოასპარეზე „ზესტაფონი“ იმსხვერპლეს. ბოლო პერიოდში იმერლებმა თამაში აშკარად გამოსწორეს და ასეთი შედეგი ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იყო. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, ფლანგზე გაჭრილმა გიორგი ბერიაშვილმა ზუსტი გადაცემით თეიმურაზ შონია მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი ახლო მანძილიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ისევე როგორც მთელი შეხვედრა გოლის შემდგომი პერიოდიც ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა მათ მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, 25-ე წუთზე ავთო ენდელაძის ჩაწოდებას გიორგი ილურიძე გამოახმაურა თავური დარტყმით, 1-1. მარგველები ცდას არ აკლებდნენ გოლის გასატანად, მაგრამ ტაიმის მიწურულს პირიქითი, საკუთარ კარში მიიღეს ორი გოლი. 39-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ისარგებლა მცველების შეცდომით, 43-ეზე კი, გელა გოგიტიძის ძლიერი დარტყმული ვერ შეიმაგრა პავლოვიჩმა ხელებში. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით გაგრძელდა, ბურთს იმერლები ფლობდნენ, მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ ბათუმლები უშეცდომოდ იცავდნენ თავს და კონტრშეტევებზეც სახიფათოდ მოქმედებდნენ. საბოლოდ, 68-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა სოლო რეიდის შემდეგ გაიტანა, 74-ეზე კი, გიორგი ხიდეშელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-4. 



„სიონი“ ბოლნისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 0-0

გაფრთხილება: 68’ ლაშა ღონღაძე („ზუგდიდი“) 75’ დაჩი ფოფხაძე, 79’ ლექსო ინწკირველი, 87’ ირაკლი სამხარაძე (სამივე „სიონი“)  

უგოლო ფრით დასრულდა „სიონისა“ და „ზუგდიდის“ თამაში, მოგეხსენებათ ისინი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და მატჩის შედეგს ორივე მათგანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ კი, გოლის გატანა ვერც ერთმა მოახერხა და გუნდებმა აქტივში თითო ქულა ჩაიწერეს. 



„შუქურა“ ქობულეთი - „ტორპედო“ ქუთაისი 2-1

გოლი: 52’ დავით ხოჭოლავა („შუქურა“), 66’ გოგა ფიფია („ტორპედო“), 82’ ზაზა ტუღუში („შუქურა“)

გაფრთხილება: 7’ შოთა ბაბუნაშვილი, 74’ ვალერი ბონდარენკო (ორივე „ტორპედო“)

უკვე მერვე თამაშია ქუთაისის „ტორპედოს“ არ უმარჯვია, ამჯერად ქუთათურები „შუქურასთან“ დამარცხდნენ, ქობულეთში გამართული შეხვედრა 2-1 დასრულდა. პირველი ტაიმიც უგოლოდ მიილია, მეორე ნახევრის სტარტზევე კი, დავით ხოჭოლავამ გახსნა ანგარიში, მან გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო და ძლიერი დარტყმით დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი. ტორპედოელებმა შეუტიეს და მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, ჩიკვილაძის ჩაწოდებით გოგა ფიფიამ იხეირა, 1-1. აჭარლებმა მაინც მოახერხეს სამი ქული აღება, 82-ე წუთზე ზაზა ტუღუში კარგად გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. 


„მეტალურგი“ რუსთავი - „სპარტაკი“ ცხინვალი 1-1

გოლი: 3’ დაჩი ცნობილაძე („მეტალურგი“), 80’ ნიკა კაჭარავა („სპარტაკი“) (პენ.)

გაფრთხილება: 43’ გიორგი კაჭკაჭიშვილი, 59’ გიორგი ცერცვაძე, 68’ ბიძინა მახარობლიძე, 78’ გიორგი ნადირაძე (ყველა „სპარტაკი“), 78’ გიორგი კილასონია („მეტალუგი“)

 კიდევ ერთ ლიდერს დააკარგვინა ქულები რუსთავის „მეტალურგმა“, რუსთაველები სულაც სამ ქულასთან იყვნენ ახლოს, მაგრამ მატჩის მიწურულს „სპარტაკმა“ ანგარიშის გათანაბრება და ერთი ქულის აღება მაინც მოახერხა. ანგარიში სტარტზევე გაიხსნა, მე-3 წუთზე თავური დარტყმით დაჩი ცნობილაძემ შეაგდო. ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა გატანა ორივე გუნდს შეეძლო, საბოლოო მე-80 წუთზე ცხინვალელებმა თერთმეტ მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ნიკა კაჭარავამ შეასრულა ზუსტად. ამ ფრით კახა კაჭარავას შეგირდებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და „სამტრედიას“ გადასწრების საშუალება მისცეს. 



„დინამო“ თბილისი - „გურია“ ლანჩხუთი

გოლი: 42’ ალქესანდრე კოშკაძე („გურია“), 44’ ლაშა შერგელაშვილი („დინამო“ თბილისი), 46’ კობა შალამბერიძე („გურია“)

გაფრთხილება: 48’ გიგა ჭეიშვილი, 72’ დავით მეგრელიშვილი (ორივე „გურია“), 85’ გიორგი პაპუნაშვილი, 90’ გიორგი ჯანელიძე (ორივე „დინამო“ თბილისი)

ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა თბილისის „დინამო“, თბილისლებმა „გურიას“ უმასპინძლეს და მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა მაინც უქულოდ დარჩნენ. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 42-ე წუთზე გარღვევა კობა შალამბერიძემ წამოიწყო, მანვე სცადა ეპიზოდის დაბოლოვება, მაგრამ მიგინეიშვილმა დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას კოშკაძემ დაასწრო და აუღებელი დაურტყა დინამოელთა კიპერს. გურულთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, ფლანგზე გაჭრილმა ლაშა შერგელაშვილმა მახვილი კუთხიდან გადაგზავნა კარში და ეფექტური გოლიც გამოუვიდა. გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე. ლანჩხუთლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 46-ე წუთზე კობა შალამბერიძემ შორეული დარტყმით მეორედ დალაშქრა თბილისელთა კარი. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა ცდა არ დააკლეს, მაგრამ ვერას გახდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ ბათუმი
„შუქურა“ ქობულეთი - „ტორპედო“ ქუთაისი
„დილა“ გორი - „მერანი“ მარტვილი
„დინამო“ თბილისი - „გურია“ ლანჩხუთი

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fcdila.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.fcspartak.ge www.facebook.com/pages/Fc-Sioni-Bolnisiსკ-სიონი-ბოლნისი, www.facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA

სფფ-ის პრესსამსახური