სიახლეები

უცვლელი ლიდერი და თრილერი ქუთაისში

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„დილა“ გორი - „სამტრედია“ სამტრედია 1-0

გოლი: 64’ გურამ ადამაძე („დილა“) 

გაფრთხილება: 9’ ლევან კაკუბავა, 13’ თორნიკე გორგიაშვილი (ორივე „სამტრედია“), 36’ რომან ახალკაცი, 41’ თენგო წიქარიძე (ორივე „დილა“)

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა, გორში გამართული შეხვედრა სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და სამტრედიის „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გორელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე ლოგიკური გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე გურამ ადამაძის ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა ფლანგური გადაცემით ისარგებლა, ყველას დაასწრო და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ამ გამარჯვებით „დილა“ მეორე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერს ხუთი ქულით ჩარმოჩება. 



„დინამო“ ბათუმი - „სიონი“ ბოლნისი 2-1

გოლი: 24’ ზვიად ლობჟანიძე („სიონი“), 61’ ამირან მუჯირი, 79’ თეიმურაზ შონია (ორივე „დინამო“ ბათუმი)

გაფრთხილება: 35’ დავით სვანიძე, 37’ ალექსანდრე გოგობერიშვილი (ორივე „სიონი“), 54’ თეიმურაზ შონია („დინამო“ ბათუმი), 72’ ვილი ისიანი („სიონი“), 90’ თეიმურაზ შონია („დინამო“ ბათუმი)

ზედიზედ მეორე გარჯვება მოიპოვა ბათუმის „დინამომ“, როგორც ჩანს ბათუმელები კარგ ფორმაშია არიან და უმაღლეს ლიგასთან ერთად თასზეც მშვენივრად ასპრაზობენ, სადაც მათი მეტოქე „სამტრედია“ გახლავთ, წყვილის პირველი დაპირისპირებას სწორედ აჭარლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4-1, დასრულდა. რაც შეეხება აღნიშნულ მატჩს, დინამოელებმა „სიონს“ უმასპინძლეს და დაძაბულ შეხვედრაში, 2-1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 24-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძემ გამოიჩინა თავი, პირველი ტაიმი ბოლნისელთა გამარჯვებით ჩამთავრდა. მეორე ნახევრის სტარტზევე კი, ბათუმლებს შესანიშნავი საშუალება მიეცათ ანგარიშის გასაქვითად, მაგრამ ამირან მუჯირმა პენალტი გააცუდა. გამოცდილმა ნახევარმცველმა რამდენიმე წუთში თვითონვე გამოასწორა შეცდომა და 61-ე წუთზე მაინც გაათანაბრა. „დინამო“ ამას არ დასჯერდა და 79-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გამარჯვების გოლის გაიტანა. 



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი 0-2

გოლი: 7’, 39’ დავით გელაშვილი („მეტალურგი“)

გაფრთხილება: 40’ ვალიკო გახარია, 53’ კახა კახაბრიშვილი (ორივე „ვიტ-ჯორჯია“), 56’ კახაბერ კაკაშვილი („მეტალურგი“)

მიჯრით ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ იმარჯვა რუსთავის „მეტალურგმა“, რუსთაველები „ვიტ-ჯორჯიას“ ესტუმრნენ და 0-2 დაამარცხეს მეტოქე. ამ გამარჯვებით ქართლელებმა 19 ქულა დააგროვეს და ცხრილში მერვე ადგილს იკავებენ. მოგებაშიში ლომის წილი დავით გელაშვილმა დაიდო, რომელმა მე-7 და 39-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა.



„მერანი“ მარტვილი - „კოლხეთი“ ფოთი 0-0

გაფრთხილება: 42’ დავით ბოლქვაძე („მერანი“) 

კვლავ დაუმარცხებელია მარტვილის „მერანი“, ვლადიმერ ლობასის შეირდებმა ამჯერად ფრედ ითამაშეს, მაგრამ უკვე 7 ტურია წაგების გემო არ იციან. მეგრული დერბი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ორივე კარტან საკმაო რაოდენობით შეიქმნა მომენტები, მაგრამ გულშემატკივრების სამწუხაროდ გოლის გატანა ვერც ერთმა მოახერხა და შეხვედრა ნულოვანი ფრით 0-0 დასრულდა. 



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „დინამო“ თბილისი 

გოლი: 70’ გიორგი პაპუნაშვილი, 87’ ჩისკო მუნიოსი (ორივე „დინამო“ თბილისი), 90’ დავით ლომაია 

გაფრთხილება: 28’ გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“), 55’ ლაშა ღონღაძე, 57’ ვალიკო ტყემალაძე (ორივე „ზუგდიდი“), 90’ დავით საჯაია („დინამო“ თბილისი)

ტრადიციულად დაძაბული გამოდგა ზუგდიდურ-თბილისური დაპირისპირება და მიუხედავად ზუგდიდელტა მედგარი წინააღდეგობისა თბილისელებმა მაინც მოახერხეს სამეგრელოდან სამი ქულის წამოღება. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ორივე გუნდი ყველაფერს აკეთებდა მოსაგებად, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც უგოლო ფრით დასრულდა. მეორე ნახევარიც იგივე სცენარით გაგრძელდა, ტაიმის შუა წელში კახი გოგიჩაიშვილმა ჩისკო შემოიყვანა, რაც საბოლოო ჯამში გარდამტეხი აღმოჩნდა და დინამოელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. 70-ე წუთზე კაკაბაძის წამოწყებული შეტევა, გიორგი პაპუნაშვილმა დაასრულა, 0-1. გოლს თამაშის მიმდინარეობა არ შეუცვლია და ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა, ზუგდიდელთა ერთ-ერთი შეტევისას თბილისელებმა ბურთი ხელთ იგდეს და სწრაფი კონტრშეტევაც წამოიწყეს, მათე ცინცაძის შესანიშნავი გადაცემით ჩისკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, გამოცდილმა ესპანელმა მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ბესიკ შეროზიას შეგირდებს ძალიან სურდათ გოლის და ეს საწადელი 90-ე წუთზე აისრულეს, გოლი დავით ლომაიას ანგარიშზეა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. 



„ტორპედო“ ქუთაისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 3-3

გოლი: 7’ მიხეილ სარდალიშვილი („ზესტაფონი“), 23’, 35’ ოლეგ მამასახლისი („ტორპედო), 26’ გიორგი ილურიძე, 38’ ჯაბა დვალი (ორივე „ზესტაფონი“), 63’ ოთარ კვერნაძე („ტორპედო“)

გაფრთხილება: 55’ ლევან შარიქაძე, 58’ მიხეილ სარდალიშვილი (ორივე „ზესტაფონი“), 72’ თორნიკე ჩადუნელი („ტორპედო“), 82’ ლაშა გვალია („ზესტაფონი“), 86’ ოთარ კვერნაძე („ტორპედო“)

ნამდვილი თრილერი იხილეს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატიკვრებმა, იმერულმა დერბიმ ყველანაირი მოლოდინი გაამრთლა და შეიძლება ითქვას, რომ არამარტო ამ ტურის არამედ მთლიანად მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, გოლი საწყის წუთებშივე გავიდა, მე-7 წუთზე თავი მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა. ქუთათურებმა წონასწორობა 23-ე წუთზე აღადგინეს, საჯარიმოს მსადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ოლეგ მამასახლისმა გაიტანა. ტორპედოელების სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 3 წუთში გიორგი ილურიძემ კვლავ დააწინაურა „ზესტაფონი“. რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები დანებდნენ და კვლავ შეუტის მეტოქის კარს, რამაც შედეგი 35-ე წუთზე გამოიღო თავი კვლავ მამსახლისმა გამოიჩა, მაგრამ ქუთაისელ გულშემატკივრებს ამჯერადაც არ დასცალდათ ზეიმი, 38-ე წუთზე ჯაბა დვალმა მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით მიილია. მეორე ნახევარიც იგივე სათამაშო სცენარით გაგრძელდა, გოლის გატანას ორივე მხარე ცდილობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ქუთაისლებმა შეძლეს, 63-ე ოთარ კვერნაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.



„გურია“ ლანჩხუთი - „ჩიხურა“ საჩხერე 2-2

გოლი: 16’ გიორგი კორიფაძე („ჩიხურა“), 53’, 80’ დავით მეგრელიშვილი („გურია“), 90’ ლაშა ჭელიძე („ჩიხურა“)
გაფრთხილება:  6’ ზვიად სიხარულია, 19’ ლაშა ჩიკვაიძე (ორივე „ჩიხურა“), 22’ გიორგი მიქაბერიძე, 50’ გიგა ჭეიშვილი, 90’ შოთა გაბრიჩიძე (სამივე „გურია“)

გაძევება: 82’ ბესიკ დეკანოიძე („ჩიხურა“)

უხვგოლიანი ფრით დასრულდა „გურია“ „ჩიხურას“ დაპირისპირება, გუნდებმა ერთმანეთის კარი ორ-ორჯერ აიღეს. ანგარიში მე-16 წუთზე გიორგი კორიფაძე გახსნა, ეს პირველ ტაიმში ერთადერთი შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა. გურულებმა გათანაბრება 53-ე წუთზე დავით მეგრელიშვილის გოლით შეძლეს, ამავე მეგრელიშვილმა მე-80 წუთზე ლანჩხუთლები დააწინაურა. 82-ე წუთზე იმერლები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ, მსაჯმა ბესიკ დეკანოიძე გააძევა, ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ სამი ქულა „გურიას“ აქტივში უნდა ჩაწერილიყო, მაგრამ 90-ე წუთზე ლაშა ჭელიძემ ანგარიში გაქვითა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა. 




„სპარტაკი“ ცხინვალი - „შუქურა“ ქობულეთი 1-0

გოლი: 36’ ლაშა შინდაგორიძე („სპარტაკი“)

გაფრთხილება: 33’ ნიკოლოზ კაჭარავა („სპარტაკი“), 35’ აზამატ ჯიოევი, 51’ გიორგი ჩელებაძე, 88’ არჩილ ტვილდიანი (სამივე „შუქურა“), 90’ გიორგი ცერცვაძე, 90’ მერაბ გიგაური (ორივე „სპარტაკი“)

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ცხინვალის „სპარტაკმა“, დაძაბულ ბრძოლაში ცხინვალელბმა მინიმალური ანგარიშით 0-1 იმარჯვეს. სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სპარტაკელებმა საჭირო სამი ქულა აიღეს. მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გავიდა, ლაშა შინდაგორიძემ გიორგი კაჭკაჭიშვილის პასით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით აიღო ჯიოევის კარი. 




აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დილა“ გორი - „სამტრედია“ სამტრედია
„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „დინამო“ თბილისი
„ტორპედო“ ქუთაისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი


ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/FCChikhura, www.facebook.com/pages/Fc-Sioni-Bolnisiსკ-სიონი-ბოლნისი

სფფ-ის პრესსამსახური