სიახლეები

თემურ ქეცბაია: "ნებისმიერ შემთხვევაში მივდივარ"

გაუზიარე

13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა, 18 საათზე კი, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში თემურ ქეცბაიას მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, მწვრთნელთან ერთად ქართველ და პოლონელ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია შეხვდა. დასაწყისში ქეცბაიამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკრებს ურთულესი მატჩი ელის წინ, მაგრამ გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად, მისივე თქმით ნიკოლოზ გელაშვილს არ ყოფნა გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხამდე კი, ქეცბაიამ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება: "მე ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, მაგრამ ამ შეხვედრამდე ნაკრები დატოვება ჩემი მხირდან უპასუხისმგებლო და არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დაკავებული თანამდებობა პოლონეთთან გასამართი შეხვედრის შემდეგ დავტოვო და ნაკრების რიგითი გულშემატკივარი გავხდე. მე ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის, როგორც ფეხბურთელის ისე მწვრთნელის რანგში, ახლა კი შევეცდები ეს გულშემატკივრის რანგშიც გავაკეთო". ამის შემდეგ თემურმა მოწინააღმდეგე გუნდიც შეაფასა და ქართველ ჟურნალისტებსაც მიმართა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოლონელი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრესკონფერენციის დასასრულს კი, გურამ კაშიამ თემურ ქეცბაიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა: "ჩვენ ყველანაირი პირობა გვქონდა, რომ ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით, მოგეხსენბათ, რომ პოლონეთი ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია და აქედან გამომდინარე წინ რთული შეხვედრა გველის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მთავარ მწვრთნელს, მისი თაოსნობით ნაკრებში 40-მდე შეხვედრა ჩავატარე, იყო მომენტები როდესაც მეც უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ერთი ფაქტია თემურ ქეცბაიას ყოველთვის სურდა, რომ ჩვენი გუნდი წარმატებული ყოფილიყო". 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირიპირება დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", გაიმართება და 21 საათზე დაიწყება.