სიახლეები

ლიცენზირების სემინარები ქართული კლუბებისთვის

გაუზიარე

მიმდინარე წლის 23–25 დეკემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარები ლიცენზირების საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი ლიგის კლუბებმა, აგრეთვე, პირველი ლიგის იმ კლუბებმა, რომლებმაც ლიცენზირების პროცესის გავლის სურვილი გამოთქვეს. სემინარებზე დამსწრეებს განემარტათ ლიცენზირების დებულებების მოთხოვნები ყველა მიმართულებით: ზოგადი, სპორტული, ინფრასტრუქტურული, საკადრო–ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ფინანსური კრიტერიუმები. ასევე, ყურადღება გამახვილდა სალიცენზიო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებზე და ლიცენზირების პროცესის ძირითად ეტაპებზე. „დინამო თბილისის“ წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ–პლეის საკითხებზე უეფასთან ურთიერთობის გამოცდილება. განმარტეს უეფას ხედვები ამ მიმართულებით და ის ძირითადი თემები, რომლებზეც კლუბებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება. ხაზი გაესვა სფფ–ის მხრიდან ლიცენზირების მოთხოვნების გამკაცრებას, განსაკუთრებით, ფინანსური კუთხით. კერძოდ, განიმარტა სფფ–ის პოლიტიკა კლუბების მიერ გარანტიების წარმოდგენასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ 2014–15წწ. სეზონიდან სფფ დაიწყებს ფინანსური მონიტორინგის (ე.წ. ფინანსური ფეარ–პლეის) დანერგვას ეროვნულ დონეზე, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის გაცემის შემდეგაც სფფ რეგულარულად გააკონტროლებს კლუბების მიერ სატრანსფერო თუ სახელფასო ვალდებულებების შესრულებას. დისკუსიებისას განხილულ იქნა მიმდინარე სიტუაცია, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ, ისე კერძო საკუთრებაში არსებულ კლუბებში. სფფ–ის იურისტმა და სამართლებრივმა ექსპერტმა კლუბებს მისცა რეკომენდაციები პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.

სფფ-ის პრესსამსახური