სიახლეები

დილა და სამტრედია ლიდერს მიუახლოვდნენ

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ჩიხურა“ საჩხერე - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 1-0 

გოლი: 48’ თორნიკე მუმლაძე

გაფრთხილება: 54’ ოთარ ჯავაშვილი („ზუგდიდი“), 71’ დენის დობროვოლსკი („ჩიხურა“), 83’ ლაშა ღონღაძე („ზუგდიდი“)

შინ კვლავ დაუმარცხებელია საჩხერის „ჩიხურა“, იმერელბმა ამჯერად ზუგდიდის „ზუგდიდი“ იმსხვერპლეს, იმერულ-მეგრული დაპირისპირება მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა. ზოგადად შეხვედრა მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მიუხედავად მხოლოდ ერთი გატანილი გოლისა მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა. გადამწვეტი გოლის გატანა საჩხერლებმა მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს, 48-ე წუთზე დავით ოდიკაძის ჩაწოდებულს თორნიკე მუმლაძემ შეაშველა თავი და ასე აღმოჩნდა ბურთი მეტოქის კარის ბადეში. დარჩენილ დროში ზუგდიდელებს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ფრუიძის შეგირდებმა კიდევ ერთი საშინაო გამარჯვება მიიწერეს. 



„დინამო“ თბილისი - „დინამო“ ბათუმი 0-1

გოლი: 2’ გელა გოგიტიძე („დინამო“ ბათუმი)

გაფრთხილება: 4’ ბორის მახარაძე, 26’ ბექა ჭკუასელი (ორივე „დინამო“ ბათუმი), 90’ ლაშა თოთაძე („დინამო“ თბილისი)

საჩხერლების მსგავსად მე-12 ტურამდე საშინაო შეხვედრებში თბილისელებიც უდანაკარგოდ ასპარეზობდნენ, მაგრამ 7 ნოემბერს „სეხნიებთან“ გამართულ დაპირისპირებაში მინიმალური ანგარიშით, 0-1, დამარცხდნენ და სეზონში პირველი საშინაო მარცხიც იწვნიეს. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ნახევარ უდავოდ კარგი საყურებელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ბათუმელები ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდნენ, თბილისელები კი, ხეირიანს ვერაფერს ქმნიდნენ. ის ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე გავიდა, სტანდარტის გათამაშების შემდეგ, გელა გოგიტიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძლიდან, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. გაშვებული გოლის შემდეგ, დედაქალაქელებსაც ჰქონდათ გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მომენტის დაგვირგვინებას ვერაფრით ახერხებდნენ. ასეა თუ ისეა, აჭარლებმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს, გოგიჩაიშვილის შეგირდებმა კი, პირიქით ძალიან საჭრო ქულები დაკარგეს და უახლოეს მდევართან სხვაობა 5 ქულამდე შეიმცირეს. 




„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სპარტაკი“ ცხინვალი 3-0


გოლი: 23’ თორნიკე კაპანაძე, 77’ ჯაბა დვალი, 84’ ლევან შარიქაძე (სამივე „ზესტაფონი“)

გაფრთხილება: 53’ მიხეილ სარდალიშვილი („ზესტაფონი“), 80’ თამაზ მაქაცარია, 90’ გივი იოსელიანი (ორივე „სპარტაკი“), 90’ ავთო ენდელაძე („ზესტაფონი“)

ცუდი სტარტის შემდეგ როგორც ჩანს ფორმაში შედის „ზესტაფონი“, იმერლებმა უკვე ზედიზედ მეორედ იმარჯვეს, თანაც ორივეჯერ საკმაოდ უხერხულ მეტოქეებთან. ამჯერად მარგველებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ, „სპარტაკს“ უმასპინძლეს, მატჩი მათი სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 3-0, დასრულდა. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, ახალგაზრდა ფორვარდმა, თორნიკე კაპნაძემ, საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, დატრიალდა და დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით გადაგზზავნა ბურთი ნადირაძის კარში. მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა, ზესტაფონლებმა მეორე გოლის გატანა 77-ე წუთსეღა მოახერხეს, ნადირაძემ ჭანტურიშვილის დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე დვალის დარტყმულს ვეღარაფერი მოუხერხა და 2-0. შეხვედრას წერტილი „ზესტაფონის“ ვიცე-კაპიტანმა, ლევან შარიქაძემ დაუსვა, ამ უკანასკნელმა საკუთარი გოლი 84-ე წუთზე გაიტანა. 




„სიონი“ ბოლნისი - „ტორპედო“ ქუთაისი 1-0


გოლი: 55’ გივი კვარაცხელია („სიონი“)

გაფრთხილება: 50’ შოთა ბაბუნაშვილი, 69’ ვალერი აბრამიძე (ორივე „ტორპედო“), 77’ ვილი ისიანი („სიონი“), 87’ ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“)

წარუმატებელი სერიის შემდეგ იმარჯვა ბოლნისის „სიონმა“, გორში გამართული დაძაბული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და ქართლელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ამ გოლის ავტორი გივი კვარაცხელია გახდა, გამოცდილმა მცველმა 55-ე წუთზე სტანდარტის შედეგად, თავური დარტყმით შეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება. ამ გამარჯვებით ბოლნისელებმა 12 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 2 ქულით დაშორდნენ.




„სამტრედია“ სამტრედია - „გურია“ ლანჩხუთი 3-1


გოლი: 16’ ლევან კაკუბავა („სამტრედია“), 45’ საბა ლომია („გურია“), 61’ გრიგოლ დოლიძე, 85’ დავით კვირკველია (ორივე „სამტრედია“)

გაფრთხილება: 45’ რევაზ გეწაძე („სამტრედია“)

სამ მატჩიანი შესვენების შემდეგ, კვლავ იმარჯვა „სამტრედიამ“, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტებმა, შინ „გურიას“ უმასპინძლეს და 3-1 სძლიეს მეტოქეს. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა კარგი, სანახაობრივი ფეხბურთი იხილეს და საკუთარი გუნდის გამარჯვებითაც ისიამოვნეს. ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული ლევან კაკუბავას დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობას კვლავ იმერლები ფლობდნენ, მაგრამ შიგადაშიგ გურულებიც აწუხებდნენ მეტოქეს. ამ არც თუ ისე აქტიურმა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო და 45-ე წუთზე საბა ლომიამ, სტანდარტის შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას სამტრედიელები დაეუფლნენ და შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს აღარაფრის საშუალებას აძლევდნენ, მათმა ასეთმა მონდომებამ შედეგი 61-ე წუთეზე გამოიღო, რევაზ გეწაძის გამოზომილი გადაცემით გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა. მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი გამოცდილი დავით კვირკველიას ანგარიშზეა. 



„კოლხეთი“ ფოთი - „დილა“ გორი 0-1

გოლი: 57’ გიორგი სეთურიძე („დილა“)

გაფრთხილება: 24’ გივი ქარქუზაშვილი („დილა“), 30’ ლუკა გუგუჩია, 37’, 67 თამაზ ჟიშკარიანი (ორივე „კოლხეთი“), 69’ თენგო წიქარიძე, 85’ გუგა ფალავანდიშვილი (ორივე „დილა“)

დაძაბული შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში, სადაც ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. გორელებმა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხეს და მინიმალური ანგარიშით, 0-1, დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გავიდა, სეთურიძემ ახალკაცთან გაითამაშა კომბინაცია და ზუსტი დარტყმით თვითონვე დააგვირგვინა შეტევა. დარჩენილ დროში კოლხებს შეიძლება გაეთანაბრებინათ კიდეც, მაგრამ 67-ე წუთზე თამაზ ჟიშკარიანმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, მატჩის ბედიც ფაქტიურად ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა. 



„მეტალურგი“ რუსთავი - „მერანი“ მარტვილი 1-2

გოლი: 22' დავით ბოლქვაძე (პენ.) („მერანი“), 35' გიორგი ქავთარაძე („მეტალურგი“), 72' ბესიკ ჩიმაკაძე („მერანი“)

გაფრთხილება: 74' კონსტანტინე ხიზანეიშვილი, 77' გიორგი ნარიმანიძე, (ორივე „მეტალურგი“), 84' დათო წულაია („მერანი“), 90' ვარლამ კილასონია („მეტალურგი“)

ძალიან მნიშველოვანი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის „მერანმა“, მეგრელი ფეხბურთელები წარმატებულ სვლას განაგრძობენ და უკვე შვიდი მატჩია წაუგებლად ასპარეზობენ. ამჯერად ისინი რუსთავს ესტუმრნენ და ადგილობრივი „მეტალურგი“ 1-2 დაამარცხეს. ანგარიში დავით ბოლქვაძემ გახსნა, მან 22-ე წუთზე 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩნა თავი. ტამის მიწურულს რუსთაველებმა ანგარიშის გაქვითვა შეძლეს, 35-ე წუთზე გოლი გიორგი ქავთარაძემ გაიტანა. მარტვილელთათვის გამარჯვების გოლის ავტორი კი, ბესიკ ჩიმაკაძე გახდა, გამოცდილმა ფორვარდმა, 72-ე წუთზე შეარხია მეტოქის კარის ბადე. 



„შუქურა“ ქობულეთი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 2-0

გოლი: 39' ზაზა ტუღუში, 76' ზვიად მეტრეველი (ორივე „შუქურა“)

გაფრთხილება: 25' ლაშა ჩალაძე („შუქურა“), 45' ირაკლი ღიბრაძე, 56' ნიკოლოზ მაისურაძე (ორივე „ვიტ-ჯორჯია“), 56' ზაზა ტუღუში („შუქურა“), 67' ჯონი შეროზია, 70' მათე კვირკვია (ორივე „ვიტ-ჯორჯია“)

წარმატებული გამოდგა უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტი ფროლოვის, დებიუტი ქობულეთის „შუქურაში“, მისმა შეგურდებმა „ვიტ-ჯორჯიას“ უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს. ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა, ვიტელები ზაზა ტუღუშმა დაამწუხრა. მეორე გოლი კი, 76-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი შეცვლაზე შემოსული, ზვიად მეტრეველი, გახდა. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

დინამო თბილისი - დინამო ბათუმი 
ზესტაფონი ზესტაფონი - სპარტაკი ცხინვალი
კოლხეთი ფოთი - დილა გორი  
სიონი ბოლნისი - ტორპედო ქუთაისი


ფოტო/ვიდეოwww.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, wwww.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/FCChikhura, www.facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA