სიახლეები

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატს ზუგდიდი უმასპინძლებს

გაუზიარე

5 აგვისტოდან, ზუგდიდში იწყება ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს შვიდი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - სამეგრელო, აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, თბილისი და შიდა ქართლი.

ჩემპიონატი ხუთ დღეს გასტანს და ორ ჯგუფად დაყოფის სისტემით ჩატარდება.

ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. ადგილზე კი, ორგანიზებას სამეგრელოს რეგიონული ფედერაცია მოახდენს. ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე იცხოვრებენ.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა და მედლებით. სპეციალური პრიზები გადაეცემათ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს, მცველს, ბომბარდირსა და საუკეთესო მოთმაშეს.

შემოდგომაზე, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაცია თასის გათამაშების ჩატარებას გეგმავს, სადაც, მათი ინფორმაციით, უფრო მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, შემოდგომაზე ჩატარდება „სკოლბურთი 2014“ გოგონებს შორის (1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის) და ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომაალ წელს, ამ ასაკის ნაკრებს მოუწევს საერთაშორისო ტურნირზე წასვლა.

რაც შეეხება საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, შემოდგომაზე გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

სფფ-ის პრესსამსახური