სიახლეები

მომავლის პერსპექტივით

გაუზიარე

 2009-2011 წლების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი ბულგარეთის ნაკრებთან საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა და ერთი ქულით დაამთავრა ტურნირი.

   მიუხედავად არც თუ სახარბიელო შედეგისა, პირადად მე უკმაყოფილო არ ვარ – აცხადებს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია. ნაკრების წევრების პროგრესი აშკარაა, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის გარემოება, რომ ექვსი ლეგიონერი გვყავს, რომლებიც თამაშობენ თურქეთის, ყაზახეთისა და სლოვენიის საკლუბო გუნდებში. მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიის "ბორდოლინოსთან’’.

    საქართველოსა და ბულგარეთის ერ. ნაკრები გუნდების მატჩი ნამდვილ საფეხბურთო სანახაობად იქცა. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა წარმატებისათვის. სწორედ ამიტომ იყო ასეთი საინტერესო, დაძაბულობით აღსავსე და ლამაზი კომბინაციებით გაჯერებული მატჩი რომ ვიხილეთ.

   ბულგარეთის ნაკრებთან მატჩზე, ჩვენდა სასიხარულოდ უჩვეულო რაოდენობის მაყურებელი მოვიდა, რომელთა ომახიანი შეძახილები და ქომაგობა გოგონებს მოგების კიდე მეტ ჟინს მატებდა.

  საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრები გუნდების მატჩს პერსპექტიული ფეხბურთელი გოგონების შერჩევის მიზნით ესწრებოდა თურქეთის "ტრაბზონსპორის’’ ქალ ფეხბურთელთა გუნდის მთ. მწვრთნელი კადირ ასლანი, რომელიც 19 წლის ნაკრების მცველით თამთა მალიძით (ხაშურის ს.კ. "ივერია’’ მთ. მწვრთნელი თ. კობერიძე) დაინტერესდა.

   ქალთა ფეხბურთის წინსვლისათვის აუცილებელ პირობად მისი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროპაგანდა მიმაჩნია, ვფიქრობ, გამართლდება მოლოდინი საქართველოში ქალთა ფეხბურთი მყარად მოიკიდებს ფეხს და ჩვენი გოგონების დაუღალავი შრომა ნაყოფს გამოიღებს – ამბობს საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია.