სიახლეები

უმაღლესი ლიგის მსაჯების მოსამზადებელი შეკრება

გაუზიარე

სულ მალე, თებერვლის ბოლოს,  განახლდება საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში და დ.ყიფიანის თასის გათამაშება.

მოსალოდნელია, რომ როგორც ყოველთვის, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დარჩენილი ოთხი ტური და შემდეგ უკვე მეორე ეტაპი და ასევე თასის გათამაშების მატჩები  სპორტული თვალსაზრისით უფრო მეტად დაძაბული იქნება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია მსაჯების სათანადო მზადყოფნა მომავალი მატჩებისთვის.

ამ მიზნით, და სამსაჯო ღონისძიებების მიმდინარე, 2014 წლის გეგმის შესაბამისად, რომელიც სფფ-ს ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერით 2013 წლის ივლისში დამტკიცებული იქნა სფფ-ს აღმასკომის მიერ,  გადაწყდა, რომ უმაღლესი ლიგის მსაჯები და ასისტენტები მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, 2-12 თებერვლს.

აღსანიშნავია, რომ  ეს პირველი ამგვარი გამოცდილება იქნება ქართველი მსაჯებისთვის. ანალოგიურ სამსაჯო შეკრებას ანტალიაში ასევე მართავს უეფა-ს ბევრი წევრი ფედერაცია.

მთავარი მოტივი ამ გადაწყვეტილების მიღებისას იყო ის, რომ ანტალიაში ამავე პერიოდში შეკრებაზე იმყოფება საკმაოდ ბევრი მაღალი დონის გუნდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ამხანაგურ მატჩებს მართავენ ერთმანეთში და ამ მატჩების მსაჯობა ბრწყინვალე საშუალებაა იმისთვის, რათა ქართველმა მსაჯებმა ხარისხიანი მომზადება გაიარონ.

შეკრებისას დაგეგმილია ტესტების ჩატარება თამაშის წესებში და ფიზიკურ მომზადებაში.

გარდა ამისა, შეკრებისას, 4-9 თებერვალს ჩატარდება ყოველწლიური სემინარი ფიფა-ს სამსაჯო ინსტრუქტორის მონაწილეობით, ე.წ ფიფა-ს კურსი, რომელიც, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, უაღრესად სასრგებლოა მსაჯებისთვის და ასისტენტებისთვის.