სიახლეები

სამსაჯო ინსტრუქტორების კურსი

გაუზიარე

22-23 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „სიმპათიაში“ ჩატარდა რეგიონული სამსაჯო ინსტრუქტორების პირველი შესავალი კურსი.

კურსში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო ყველა იმ რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, სადაც არსებობს სამსაჯო განყოფილება ან სადაც დაგეგმილია ამგვარის ჩამოყალიბება:

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია - ლევან მიქელაძე (განყოფილების უფროსი, ინსტრუქტორი)

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია - ადიკ დურსუნიში (განყოფილების უფროსი) და ავთანდილ სამხარაძე (ინსტრუქტორი)

იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია - გია კიკაჩეიშვილი (განყოფილების უფროსი, ინსტრუქტორი)

სამეგრელო- ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია - ზვიად ერქვანია (განყოფილების უფროსი, ინსტრუქტორი)

შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაცია - ხვიჩა გაგნიძე (უახლოე ხანში დაგეგმილია  სამსაჯო განყოფილების ჩამოყალიბება)

აჭარის ფეხბურთის ფედერაცია - ოთარ გუნთაძე (კომიტეტის თავმჯდომარე, ინსტრუქტორი)

მსმენელის სტატუსით კურსში მონაწილეობა მიიღო სფფ-ს ორმა აქტიურმა მსაჯმა, დავით ხარიტონაშვილმა (ეროვნული კატეგორიის არბიტრი) და ლევან ვარამიშვილმა (საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტი).

კურსი ჩაატარა სფფ-ს მსაჯობის განვითარების მენეჯრმა ლევან ფანიაშვილიმა. 

პირველ დღეს განხილული იქნა:

1.      რეგიონულ დონეზე მსაჯობის ორგანიზებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

2.      მონაწილეთათვის წარდგენილი იქნა FIFA-ს, UEFA-ს და სფფ-ს სასაწავლო მასალები, რომლებიც გამოყენებული იქნება მსაჯების და დამკვირვებლების სასწავლო პროცესში.

მეორე დღე კი დაეთმო უშუალოდ იმ სამსაჯო თემების განხილვას ზემოთ აღნიშნული სასწავლო მასალების გამოყენებით, რომლებიც აქტუალურია  ინსტრუქტორებისთვის მსაჯებთან სასწავლო პროცესის ჩასატარებლად, როგორც დამწყებ მსაჯებთან, ასევე უკვე აქტიურ მსაჯებთან და ასისტენტებთან.

ამ თემებს შორის იყო ორთაბრძოლების სწორი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება (დარღვევები, ხელით თამაში, სიმულაცია, დისციპლინარული სანქციები და ა.შ.), მატჩის მართვასთან დაკავშირებული საკითხები (კონტროლი, უპირატესობის პრინციპი და ა.შ.), თამაშგარე, გუნდური მუშაობა.

მსაჯობის განვითარების კუთხით სფფ-ს პრიორიტეტს წარმოადგენს მსაჯების რაოდენობის გაზრდა და რეგიონული ფედერაციების სამსაჯო სტრუქტურების დახმარება, როგორც ტექნიკით, ასევე სასწავლო მასალებით.

ამ მიზნით დაგეგმილია სამსაჯო სკოლების ჩამოყალიბება რეგიონული ფედერაციების სამსაჯო განყოფილებებთან, რომელთათვისაც სფფ-მ შეიძინა ტექნიკური აღჭურვილობის რამოდენიმე კომპლექტი (ნოუთბუქი, პროექტორი, ეკრანი, საფეხბურთო დაფა), რათა მათ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეძლონ სასწავლო პროცესის წარმართვა.