სიახლეები

ქართველი მსაჯების წინასასეზონო მზადება

გაუზიარე

17-21 ივლისს, სფფ-ს სამსაჯო განყოფილების  ორგანიზებით, ქ. ქობულეთში გაიმართა უმაღლესი ლიგის მსაჯების და ასისტენტების წინასასეზონო საწვრთნელი შეკრება. შეკრების დროს, ჩატარდა აგრეთვე  FIFA-ს კურსი, რომელიც წაიყვანა FIFA-ს სამსაჯო ინსტრუქტორმა - ვალენტინ ივანოვმა.

შეკრებაში მონაწილეობა მიიღო 44-მა მსაჯმა და ასისტენტმა.

მანამდე , 16 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდა მსაჯთა ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში. მორიგი ტესტი კი, 1 აგვისტოს გაიმართება, კვლავ „დინამო არენაზე“.

თავად შეკრება და კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებსა და ვარჯიშებს; როგორც საკლასო ოთახში უხვი ვიდეომასალის გამოყენებით, ასევე მოედანზე.

განხილული იქნა ცვლილებები თამაშის წესებში; კერძოდ, თამაშგარესთან დაკავშირებული ახალი ტექსტი და მისი ამსახველი ვიდეო მასალა.

 საერთაშორისო კატეგორიების მქონე ქართველმა მსაჯებმა უკვე იმსაჯეს გარკვეული მატჩები UEFA-ს შეჯიბრებებში. მაგალითად, გიორგი ვადაჭკორიამ, ზაზა ფიფიამ და ლევან თოდრიამ იმსაჯეს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი -  ფინეთი vs ლუქსემბურგი.

გიორგი ვადაჭკორია, ლევან ვარამიშვილი, ირაკლი უკლება და ლაშა სილაგავა 4 ივლისს მოემსახურნენ UEFA-ს ევროპის ლიგის მატჩს -  ასტანა (ყაზახეთი) vs ბოტევი (ბულგარეთი).

11 ივლისს, სერბეთში UEL-ის მატჩი - ვოევოდინა vs ჰიბერნიანსი (მალტა) - იმსაჯეს თორნიკე გვანცელაძემ, გიორგი ყრუაშვილმა, დავით ჩიგოგიძემ და დავით ხარიტონაშვილმა.

ხოლო სულ ბოლოს, 23 ივლისს, ხორვატიაში, UCL-ის მატჩი  - დინამო ზაგრები vs ფოლა (ლუქსემბურგი) - ჩაატარეს ლაშა სილაგავამ, ზაზა მენთეშაშვილმა, გიორგი ყრუაშვილმა და გიორგი ვადაჭკორიამ.

სფფ-ის პრესსამსახური