სიახლეები

მსაჯებს სადისციპლინო სანქციები დაეკისრათ

გაუზიარე

 სფფ–ს სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილებამ სამსაჯო კომიტეტთან ერთად შეისწავლა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი (გამოტოვებული) ტურის ჩატარებული მატჩების ვიდეო ჩანაწერები. კერძოდ, ზუგდიდის „ბაია“ – ბოლნისის „სიონი“, „დინამო“ თბილისი – ცხინვალის „სპარტაკი“. აგრეთვე პირველ ლიგაში საქართველოს პირველობის მე–2 ტურის მატჩის ამსახველი ვიდეოფირი საჩხერის „ჩიხურასა“ და „გაგრას“ შორის.

სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა პირველი ლიგის მე–3 ტურის მატჩის, „მეშახტე“ – „ჩიხურას“ ამსახველი ვიდეო ფირის ნახვა, თუმცა მისი განხილვა აუცილებლად მოხდება, მას შემდეგ, რაც შესაბამის კომიტეტს მატჩის ჩანაწერს მიაწვდიან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის მსაჯების დამკვირვებლის პატაკი სრულყოფილია ინფორმაციის თვალსაზრისით და საკმარისია დასკვნების გამოსატანად.

სამსაჯო კომიტეტმა შეაფასა ზემოთ აღნიშნული მატჩების მომსახურე მსაჯებისა და ასისტენტების მოქმედებები და დაადგინა შემდეგი სადისციპლინო სანქციები:

1.       გიორგი დოგრაშვილს (არბიტრი მატჩში „ბაია“ – „სიონი“) დროებით აეკრძალოს მსაჯობა უმაღლეს ლიგაში მეორე წრემდე, ანუ 16 ოქტომბრამდე, უხარისხო მსაჯობისათვის და შემდგომში მოხდეს მისი დაკვირვება პირველ ლიგაში მსაჯობის ხარისხის შესაფასებლად.

2.       არჩილ კოკაიას (1 ასისტენტი მატჩში „დინამო“ – „სპარტაკი“) დროებით აეკრძალოს მსაჯობა უმაღლეს ლიგაში მეორე წრემდე, ანუ 16 ოქტომბრამდე, უხარისხო მსაჯობისათვის და შემდგომში მოხდეს მისი დაკვირვება პირველ ლიგაში მსაჯობის ხარისხის შესაფასებლად.

3.       ალექსანდრე კრიჭაშვილს (არბიტრი მატცში „ჩიხურა“ – „გაგრა“) დროებით აეკრძალოს მსაჯობა უმაღლეს და პირველ ლიგაში ორი ტურით, ანუ 28 სექტემბრამდე.

4.       ზურაბ ანიაშვილს (არბიტრი მატჩში „მეშახტე“ – ჩიხურა“) დროებით აეკრძალოს მსაჯობა პირველ ლიგაში ორი ტურით, ანუ 30 სექტმებრამდე.

სფფ–ს სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილება მოუწოდებს კლუბებს რეგულარულად და დროულად მოხდეს ვიდეო ფირების მიწოდება განყოფილებაში, რაც მათ ევალებათ კიდეც ჩემპიონატის დებულებით. ფირები საჭიროა არა მარტო საპრობლემო ეპიზოდების შესაფასებლად, არამედ სასწავლო პროცესის შასატარებლად მსაჯებისათვის, რაც რაც გადამწყვეტი მომენტია მსაჯობის ხარისხის ასამაღლებლად.

სამსაჯო განყოფილება და კომიტეტი რეაგირებას მოახდენს ყველა იმ მატჩის მსაჯობასთან დაკავშირებით, სადაც  გამოიკვეთება უხარისხო, არაკვალიფიციური ან ტენდენციური მოქმედებანი.

სფფ–ს სამსაჯო განყოფილება