სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკლუბო ლიცენზირ

გაუზიარე

მოხარული ვართ გაუწყოთ ახალი 2010-2011წწ. სალიცენზიო სეზონის დაწყების შესახებ. განვლილი სალიცენზიო სეზონის შედეგების შესახებ ინფორმირებულ იქნა ყველა დაინტერესებული მხარე. რაც შეეხება ჩვენი საფეხბურთო კლუბების სპორტულ შედეგებს ევროპულ ასპარეზზე, წინა სეზონებთან შედარებით უკეთესი იყო როგორც სტატისტიკურად, ისე სპორტულ-სანახაობრივი თვალსაზრისით. თუმცა, სამწუხაროდ, საკლუბო ევროსეზონი ჩვენთვის კვლავ ხანმოკლე აღმოჩნდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველამ, ვინც ემსახურება ქართულ ფეხბურთს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მაღალი ევროპული დონის მისაღწევად.



ჩვენ სრულად ვიზიარებთ უეფა-ს პოლიტიკას საკლუბო ლიცენზირების სისტემის შესახებ. მიგვაჩნია, რომ იგი არის ევროპაში და, კერძოდ, საქართველოში ფეხბურთის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ამიტომაც ის წარმოადგენს სფფ-ის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.



გასულ სეზონში, არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ვერ მოხერხდა საპროგრამო განცხადებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი ყველა ღონისძიების სრულად განხორციელება, რაც მიმდინარე სალიცენზიო ციკლში ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი.



ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვლილ სეზონებში დაგროვილი გამოცდილებების შეჯერება, გაანალიზება და მათი მიმართვა ლიცენზირების სისტემის გასაუმჯობესებლად და, შედეგად, ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კლუბების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე უნდა გაეწიოს მონიტორინგი კლუბების, როგორც ლიცენზიატების მიერ სეზონის განმავლობაში ლიცენზირების მოთხოვნების რეალურად შესრულებას, რათა სფფ-ში წარმოდგენილი დოკუმენტაცია მხოლოდ ფორმალობად არ დარჩეს.



ლიცენზირების სისტემის მთავარ ამოცანებად კვლავაც რჩება: ლიცენზირების ძირითადი პროცესის შეუფერხებლად განხორციელება, საფეხბურთო კლუბების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ლიცენზირების სისტემასთან დაკავშირებული მათი მოლოდინის გამართლება, დროული, ხარისხიანი მხარდაჭერა და ლიცენზიის მისაღებად საჭირო სრული ინფორმაციის გადაცემა საერთო სემინარებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე.



ჩვენს ამოცანას ასევე წარმოადგენს სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. ჩვენ მოვალენი ვართ, ვმართოთ სისტემა დადგენილი დებულებების შესაბამისად. სფფ დანერგავს საკლუბო ლიცენზირების ხარისხიანი და ეფექტური მართვის სისტემას და უზრუნველყოფს საკლუბო ლიცენზირების ხარისხის სტანდარტის მოთხოვნების დაცვას.



ამას გარდა, ჩვენ დავიცავთ ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას, ფიფა/უეფა-ს და სფფ-ის წესებს და დებულებებს.



ლიცენზირების სისტემა, აგრეთვე, კლუბებისადმი ჩვენი მხარდაჭერის ხარისხი საჭიროებს მუდმივ სრულყოფას. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ კლუბებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სისტემის შეფასების ყოველწლიურ პროცესში.



ლიცენზირების პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე განხორციელების მიზნით, უზრუნველვყოფთ საკლუბო ლიცენზირების პროცესში უშუალოდ ჩართული ყველა თანამშრომლის ხარისხიან სწავლებას და მათ მიერ საკუთარი ამოცანებისა და ვალდებულებების სრულად გაცნობიერებას.



ლიცენზირების პროცესში უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვა, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღებისას. პირადად მე და საკლუბო ლიცენზირების ყველა მონაწილე ვალდებული ვართ, დავიცვათ სფფ-ში აღიარებული ეთიკური ნორმები და, მათ შორის, კონფიდენციალობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნები.



სფფ და, უშუალოდ, საკლუბო ლიცენზირებაში დასაქმებული პირები მუდმივად შეუწყობენ ხელს საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაინტერესებულ მხარეთათვის კონსულტაციების გაწევითა და, უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისად, სწორი მიმართულების მიცემით.



ამას გარდა, ჩვენი ყველა თანამშრომელი თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმირებული იქნება საკლუბო ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებულ ყოველ ძირითად საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებით.



იმედი მაქვს ლიცენზირების მონაწილეთა მხარდაჭერის და მივესალმები ნებისმიერ წინადადებას სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით.