დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტის” საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო სკოლების წარმომადგენელთა ყრილობა შედგა, რომელიც ბავშვთა ფეხბურთში შემნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს მიეძღვნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გენერალური მდივანი უჩა უგულავა წარადგენდა, ასევე ნიკოლოზ დოლიძე, რომელიც სფფ-ის მრჩეველი გახლავთ ბავშვთა ფეხბურთის საკითხებში.
სხდომას ათეულობით საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელი დაესწრო. შეკრებილები ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამას გაეცნენ, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ კი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ უახლოს სხდომაზე, რომელიც წლეულს გაიმართება (ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება), საფეხბურთო სკოლებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული ანკეტები, რომელიც სფფ-სგან მიიღეს.
ხსენებული ანკეტები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - მათი მეშვეობით დადგინდება, თუ რამდენი ”ვარსკვლავის” მოთხოვნებს აკმაყოფილებს ესა თუ ის სკოლა.