სიახლეები

საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება პრესკონფერენცია ს

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საფეხბურთო სკოლების (კლუბების) ლიცენზირებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტთა კითხვებს სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გოგი ქავთარაძემ უპასუხეს.

 

ნოდარ ახალკაცი, სფფ-ის პრეზიდენტი:

 

...საფეხბურთო სკოლების (კლუბების) ლიცენზირება 2006 წლის შემოდგომით დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, სექტემბერ-ოქტომბერში მოხდა სკოლების ვიზუალური შემოწმება და დადგინდა არსებული ვითარება. დაახლოებით ნოემბერ-დეკემბრისთვის ყველა სკოლა მეტ-ნაკლებად იყო შესწავლილი. 2007 წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში ჩვენ ყველა სკოლას - სულ 202 სკოლაა - გადავუგზავნეთ ერთგვარი საინფორმაციო ანკეტა, რომელიც ითვალისწინებდა ლიცენზირების მოთხოვნების გაცნობას. შარშან, აპრილ-მაისში ყველა სკოლისგან დავიბრუნეთ ანკეტები, რის შემდეგაც მოხდა მასალების ანალიზი - შესწავლა-დამუშავება.

 

...2007 წლის მიწურულს, კონკრეტულად კი სექტემბერში შეიქმნა ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტი საფეხბურთო სკოლებთან (კლუბებთან) პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად. ამ კომიტეტის ვალდებულებაა ლიცენზიის მიღების მსურველი სკოლისთვის რეკომენდაციის მომზადება. ეს გახლდათ ჩვენი პროგრამის მეოთხე ეტაპი.

 

...საფეხბურთო სკოლების (კლუბების) ლიცენზირების მეხუთე ეტაპი დაიწყო შარშან, ოქომბერ-დეკემბერში და დასრულდება მაისში. ამ პერიოდში განხორციელდება მთავარი მუხლი - ამ სფეროში დასაქმებული მწვრთნელების ლიცენზირება აუცილებელი კვალიფიკაციის, C ლიცენზიის მისაღებად. დღეს ბავშვთა ფეხბურთში მუშაობს 490 მწვრთნელი. დღესდღეობით მათგან 150 მწვრთნელს გააჩნია C ლიცენზია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია C ლიცენზიის კურსები სამეგრელოში, მოგვიანებით კი იგივე კურსები ჩატარდება აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში და ასე შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონში. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ ეტაპზე რაც შეიძება ბევრი მწვრთნელი იყოს C ლიცენზიით. რა თქმა უნდა, იმ 490 მწვრთნელს, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე აღვნუსხეთ, კიდევ დაემატებიან მწვრთნელები და C ლიცენზიის მფლობელთა რაოდენობაც, ცხადია გაიზრდება.

 

...აქვე დავძენ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გახლდით, სადაც იმერეთის რეგიონის 74 მწვრთნელს გადავეცით C ლიცენზია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან სასიხარულოა, რომ C ლიცენზია არა მარტო ახალგაზრდა, ასაკოვანმა მწვრთნელებმაც მიიღეს. მაგალითად იგივე ზაურ ჩუბინიძემ, რომელსაც მხოლოდ ზესტაფონში მწვრთნელთა რამდენიმე თაობა ჰყავს აღზრდილი. მწვრთნელთა ლიცენზირების კურსების თაობაზე ასევე გეტყვით, რომ სავარაუდოდ, B ლიცენზიების გაცემაც რეგიონებიდან მოხდება, ხოლო A ლიცენზიების გაცემა უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივად დარჩება.

 

...წლეულს, ივნისში პროგრამის მეექვსე ეტაპი დაიწყება: ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში სეზონი დასრულდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ზაფხულის პერიოდს ძალიან აქტიურად გამოიყენებს, რათა ამ სფეროში დიდი ცვლილებები განხორციელდეს. ცხადია, სეზონის დასრულებისთანავე გაკეთდება განვლილი სეზონის ანალიზი, რაც ფედერაციას საშუალებას მისცემს რჩევები მისცეს ამ სფეროში მოღვაწე მწვრთნელებს თუ სკოლებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავურიგებთ სკოლებს ბლანკებს, რომელსაც დაერთვება ლიცენზირების პროგრამისთვის რეკომენდაციები და მოთხოვნები.

 

...საფეხბურთო სკოლების (კლუბების) ლიცენზირების პროგრამის მეშვიდე ეტაპი სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელდება: ჩვენ კიდევ ერთხელ შევაჯამებთ სკოლებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც დაიწყება ლიცენზირების მოთხოვნების შემსრულებელი სკოლებისათვის ლიცენზიის მინიჭების პროცესი.

 

...საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ 2009-2010 წლების სეზონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში არალიცენზირებული საფეხბურთო სკოლების გუნდები მონაწილებას ვერ მიიღებენ.

 

...თქვენ იცით, რომ ჩვენ სკოლებს პირობითად მივანიჭებთ ერთიდან სამ ვარსკვლავს. ორიოდ სიტყვით, რომ გითხრათ, სამ ვარსკვლავს მიიღებს ის საფეხბურთო სკოლა, რომელსაც ეყოლება არანაკლებ 8 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში არანაკლებ 20 ფეხბურთელი, მინიმუმ 2 მწვრთნელი ერთ ჯგუფზე, ექნება არანაკლებ 4 გასახდელი, 4 საოფიო ოთახი, 16 საშხაპე, ტრიბუნა დაიტევს არანაკლებ 1000 მაყურებელს, ექნება მსაჯთა არანაკლებ 4 გასახდელი, ოქმის შევსების მინიმუმ 4 ოთახი... ორ ვარსკვლავს მიიღებს სკოლა, რომელსაც ეყოლება არანაკლებ 4 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში მინიმუმ 25 მოთამაშე, ჯგუფზე მინუმუმ 1 მწვრთნელი, არანალკე 3 გასახდელი, მინიმუმ 2 საოფისო ოთახი, მინიმუმ 8 საშხაპე, არანაკლებ 500 ადგილი ტრიბუნაზე... ერთი ვარსკვლავი მიენიჭება სკოლას, სადაც იქნება არანაკლებ 2 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში მინიმუმ 30 ფეხბურთელი, 1-2 მწვრთნელი თითო ჯგუფზე, მინიმუმ 2 გასახდელი, 1 საოფისე ოთახი, 4 საშხაპე, ტრიბუნაზე მინიმუმ 100 ადგილი...

 

...საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების პროგრამა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ თუ ამ სკოლაში გაზრდილი მოთამაშე პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს, სკოლა თანხას იმის მიხედვით მიიღებს, თუ რამდენი ვარსკვლავი ექნება მინიჭებული. მაგალითად, სამი ვარსკვლავის მქონე სკოლა მეტს მიიღებს, ორი ვარსკვლავის მქონე სკოლა შედარებით ნაკლებს და ასე შემდეგ...

 

...დასასრულს, მსურს შეჯამების სახით გითხრათ, რომ ჩვენ ამ პროექტს მესამე წელია ვახორციელებთ და ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ყველა საფეხბურთო სკოლა იქნება აღრიცხული და რაც მთავარია, ლიცენზირებული. ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ 2009-2010 წლების სეზონში ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში არალიცენზირებული სკოლის გუნდები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 

გოგი ქავთარაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

 

...ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ ქართული ფეხბურთის მშენებლობას სახურავიდან - ეროვნული ნაკრების გაძლიერებიდან ვიწყებთ, თუმცა სფფ-ის პრეზიდენტის დღევანდელი საუბარი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენი ფეხბურთის საძირკველს - ბავშვთა ფეხბურთს.

 

...ძალიან კარგია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უკლებლივ ყველა საფეხბურთო სკოლაზე ექნება ამომწურავი ინფორმაცია. ცხადია, ასეთი მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს, რაც გახლავთ კიდეც ჩვენი მიზანი.

 

...არ შემიძლია არ ვახსენო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა უეფა-ში, რომელიც მწვრთნელთა ევროპის საფეხბურთო ქვეყნებში გაშვებას ითვალისწინებს. ცხადია, მოხდება მწვრთნელთა შერჩევა კონკურსის წესით, რომლებიც ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში გაემგზავრებიან და ცოდნასაც გაიღრმავებენ.

 

...აქვე დავძენ, რომ სახელმწიფოსთან ერთად შემუშავებული ფეხბურთის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამა არ არის შეჩერებული - მაქსიმუმ ერთ თვეში ჩვენ, სახელმწიფოსთან ერთად, ავამუშავებთ ამ პროგრამას. სავარაუდოდ, 2009-2010 წლების სეზონის დასაწყისისთვის ჩვენ გვექნება საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული 6 წმინდა საფეხბურთო სტადიონი და 2 საფეხბურთო-სარაგბო სტადიონი. ამ პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებაც ძალაშია და ეს თანხა ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება.

 

...მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, რაც გახლავთ კიდეც წარმატების წინაპირობა.