სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოში PRO ლიცენზირე

გაუზიარე

დღეს, ოფიციალურად გაიხსნა და დაიწყო UEFA-ს მწვრთნელთა PRO ლიცენზირების კურსი. მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სფფ და საქართველო პირველად ატარებს ასეთი მაღალი დონის სასწავლო კურსს.

PRO ლიცენზირება UEFA-ს უშუალო კოორდინაციითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. კურსს გაუძღვებიან UEFA-ს უცხოელი ინსტრუქტორები ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან.

დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ პირველად შეიკრიბა ის 15 ქართველი მწვრთნელი, რომლებიც ამ სასწავლო კურსს გაივლიან და 18 თვეში UEFA-ს PRO ლიცენზიის მფლობელები გახდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს, უმაღლეს დონეზე იმუშაონ. ესენი არიან: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი, მალხაზ ჟვანია, სოსო ჭედია, გელა შეყილაძე, ვარლამ კილასონია, სოსო ფრუიძე, თემურ შალამბერიძე, რამაზ სოლოღაშვილი, გიორგი ტუღუში, გოჩა ტყებუჩავა და ბადრი კვარაცხელია.

როგორც უკვე ვთქვით, კურსი 18 თვე გაგრძელდება და 2015 წლის გაზაფხულის ჩათვლით 11 ეტაპად გაიმართება. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდება როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები. კურსის მიმდინარეობისას იგეგმება 15 კანდიდატი მწვრთნელის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში და 5-კაციანი ჯგუფების ვიზიტები ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში; გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების მიზნით.

ლიცენზირების კურსი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს მიულოცა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჩვენი ქვეყნისთვის. PRO ლიცენზირების კურსის საქართველოში ჩატარება და ის, რომ ამდენი ქართველი მწვრთნელი მიიღებს ძალიან მაღალი დონის განათლებას, უკვე ნიშნავს სხვა, მაღალ საფეხურზე ასვლას. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ამჟამად, კურსს სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილების დირექტორ - გაიოზ დარსაძესთან ერთად, უძღვება უეფას მწვრთნელთა განათლების კომისიის წევრი, შვეიცარიელი დენი რიზერი.

სფფ-ის პრესსამსახური