სიახლეები

პირველად საქართველოში - მწვრთნელთა PRO ლიცენზიის კ

გაუზიარე

UEFA-ს უშუალო კოორდინაციითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჩვენს ქვეყანაში UEFA-ს PRO ლიცენზიის კურსი იწყება.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებაში. განაცხადები მიიღება 16 თებერვლამდე.

საჭირო საბუთები:

1)   CV - ყველა საკონტაქტო დეტალით (ტელეფონი, e-mail, მისამართი)

2)   UEFA-A ლიცენზიის ასლი

3)   უმაღლეს საფეხბურთო დონეზე სამწვრთნელო გამოცდილების მიღების დამადასტურებელი საბუთი UEFA-A ლიცენზიის მიღების შემდეგ; მინიმუმ 1 წლის ვადით.

4)   ეროვნული პასპორტის მთავარი გვერდის ქსეროასლი

5)   პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6)   4 ბიომეტრიული ფოტოსურათი

7)   ჯანმრთელობის ცნობა

ასევე, საჭიროა ყველა ჩამოთვლილი საბუთის ელექტრონული ვერსია. რაც შეეხება განაცხადის ფორმას, კანდიდატს მისი შევსება შეუძლია სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში.

აუცილებელ მოთხოვნებს შორის, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ის, რომ კანდიდატს ესმოდეს ქართული ენა და ამავე დროს, აკმაყოფილებდეს რუსული ან ინგლისური ენის ცოდნის მინიმალურ დონეს.

საბოლოოდ, შეირჩევა 15 კანდიდატი. შერჩევისას კი, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც სფფ-ისა და UEFA-ს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან უფრო ახლოს იქნებიან.

განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში, მიმღები კომისია, სწორედ, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე დაადგენს კანდიდატების ვინაობას.

PRO ლიცენზიის კურსი დაიწყება 27 თებერვლიდან; სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ და 2015 წლის გაზაფხულის ჩათვლით, სულ 11 ეტაპად გაიმართება.

კურსის განმავლობაში, კანდიდატები „ბასაზე“ იცხოვრებენ. თეორიულის გარდა, იქვე გაიმართება პრაქტიკული მეცადინეობებიც. კურსის ჩასატარებლად, თბილისში ჩამოვლენ UEFA-ს უცხოელი ინსტრუქტორები ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან. იგეგმება UEFA-ს მაღალჩინოსნების ვიზიტიც.

ამასთან, კურსის მიმდინარეობისას, იგეგმება კანდიდატების სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში და 5-კაციანი ჯგუფების ვიზიტები ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში; გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების მიზნით.

კურსის დაწყებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ, დაწვრილებით ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერს - ვაკო დარსაძეს. ტელ: 599 360087

სფფ-ის პრესსამსახური