სიახლეები

ფუტსალის თასის ფინალისტები - 28 აპრილს, დინამო vs ქაირათი

ფუტსალი
გაუზიარე

უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის დასაწყისი საკმაოდ შთამბეჭდავი და სენსაციურიც კი  გამოვიდა. გათამაშების პირველ დღეს, ნახევარფინალურ დაპირისპირებებში იმ გუნდების ვინაობა შევიტყვეთ, რომლებიც 28 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში თასის დასაუფლებლად იბრძოლებენ.

სანამ უშუალოდ მატჩებზე ვისაუბრებთ, მანამდე ამ დიდი საფეხბურთო ზეიმის სხვა შემადგენელ კომპონენტებსაც შევეხოთ. დღევანდელი დღე იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ჩვენს დედაქალაქს ბევრი უმაღლესი რანგის სტუმარი ეწვია. უპირველესად კი, ეს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იყო, რომელიც თბილისში უეფას ვიცე-პრეზიდენტებთან და აღმასკომის წევრებთან ერთად ჩამოვიდა.

მიშელ პლატინი სფფ-ის პრეზიდენტთან  - ზვიად სიჭინავასთან და გენერალურ მდივან - რევაზ არველაძესთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდა. უეფას პრეზიდენტმა მცირე კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, სფფ და თბილისი ამ უმაღლესი დონის ღონისძიებას ღირსეულად ჩაატარებს.

მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, პლატინისთან და სფფ-ს ხელმძღვანელებთან ერთად, ტურნირის გახსნას ბიძინა ივანიშვილი შვილთან ერთად, კახა კალაძე, ლევან ყიფიანი და დედაქალაქის მერიც დაესწრნენ. თამაშებზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია. თავისი გუნდის თამაშზე დასასწრებად ჩამოვიდა „ბარსელონას“ პრეზიდენტი სანდრო როსელი. უეფას პრეზიდენტმა კი, თბილისი საღამოსვე დატოვა.

უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გახნას უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. სპორტის სასახლე თითქმის სავსე იყო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „იბერია სტარი“ და მოსკოვის „დინამო“ შეხვდნენ. მონდომებისა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართულმა კლუბმა გამოცდილ და ძალზე ძლიერ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და 2:5 დამარცხდა.

იბერია სტარი - დინამო მოსკოვი 2:5 (0:2)

იბერია სტარი: სელიო, ავგუსტო, ლუსიო, პერიჩი, მონტეირო

სათადარიგოები: აკოპოვი, რაფაელ დოს სანტოსი, ძაბირაძე, ფუსტე, ალთუნაშვილი, რიბეირო, ემერსონ გომეს დონ ნასიმენტო

მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე სარქისიანი

დინამო: პოპოვი, რომულო, ფუკინი, ნანდო, პულა

სათადარიგოები: გარაგულია, კობზარი, ლიმა, სერგეევი, კარდოსო ფილო, დე აბრეუ ასისი, სუჩილინი

მთ.მწვრთნელი - ფაუსტინო პერესი

გოლები: პულა (12, 23), დიეგუნიო (13, 34), ავგუსტო (28), ფუკინი (36), ფაბინიო (40)

მსაჯი: ოლეგ ივანოვი (უკრაინა)

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამოუყენებელი მომენტების გამო დაისაჯა. „როცა გუნდი აგებს, ეს მწვრთნელის ბრალია“ - განაცხადა სარქისიანმა.

მეორე შეხვედრამ კი, სადაც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ქაირათი“ ხვდებოდნენ, გულშემატკივართა არანაკლები ინტერესი გამოიწვია. თამაშმა აშკარად გაამართლა - საოცრად დინამიური და კარგი სანახავი გამოდგა. ყაზახური კლუბი თავიდანვე დაწინაურდა და მთელი პირველი ტაიმი კატალონიელები მდევრის როლში იყვნენ. მეორე ტაიმში „ბარსა“ წინ გავიდა, თუმცა, ყველას გასაოცრად, ყაზახებმა საოცარი ჟინი და მობილიზება გამოიჩინეს და მრისხანე მეტოქე 5:4 დაამარცხეს. ყაზახთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსული ყაზახი გულშემატკივრები კი, მთელი მატჩის განმავლობაში ერთგულად და მსურვალედ ქომაგობდნენ თავის ფეხბურთელებს.

ქაირათი - ბარსელონა 5:4 (2:2)

ქაირათი: იგიტა, ლეო სანტანა, ფუმასა, ლეო, ჟოანი

სათადარიგოები: ხალიავინი, ჟამანკულოვი, სულეიმანოვი, ელგარტი, მორაეში, მარკესი, ბეტაო

მთ.მწვრთნელი - კამარა სორბალი

ბარსელონა: პაკო სედანო, გაბრიელი, ფერნანდაო, ლოზანო, საადი

სათადარიგოები: კრისტიანი, აისარდო, ტორასი, ლინი, იგორი, ტორლა, ვილდე

მთ.მწვრთნელი - კარმონა სერა

გოლები: ფუმასა (3, 9, 39), ლინი (8), ტორასი (16), ვილდე (21), ჟოანი (25), ლეო (36), ფერნანდო (40)

მსაჯი: ფრანჩესკო მასინი (იტალია)

ასე რომ, კვირას, 28 აპრილს, მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „იბერია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან. ფინალში კი, ყაზახური და რუსული კლუბები ითამაშებენ.

სფფ-ის პრესსამსახური