სიახლეები

სპორტის სასახლე გულშემატკივართა მოლოდინშია - ფუტსალის თასი იწყება!

ფუტსალი
გაუზიარე

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის მატჩებისწინა ბოლო, ოფიციალური ვარჯიშები გამართეს „იბერია სტარმა“, „დინამო“ მოსკოვმა და „ბარსელონამ“. ტურნირის მეოთხე მონაწილე, ყაზახური „ქაირათი“ თბილისში ამ საღამოს ჩამოვა და სპორტის სასახლეში ხვალ დილით, 10:00 საათზე ივარჯიშებს.

ვარჯიშებამდე კი, გუნდების მწვრთნელებმა და წარმომადგენლებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენციები გამართეს.

თავდაპირველად, ჟურნალისტების შეკითხვებს „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა - მარკ კარმონამ და „ქაირათის“ ვიცე-პრეზიდენტმა - ანუარ ორასბეკოვმა უპასუხეს.

მარკ კარმონა: „ გულშემატკივარს დაუვიწყარ თამაშებს ვპირდებით. იმედია დარბაზი გაივსება. რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს, მათთან სათამაშოდ მაქსიმალურად მოვემზადეთ. „ქაირათს“ ძალიან გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. ვეცდებით, მოვიგოთ და ტიტული შევინარჩუნოთ; ჩემი გუნდი ამისთვის მზადაა. აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედით, რომ თასი მოვიგოთ.“

ანუარ ორასბეკოვი: „მე პირველად ვარ თბილისში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ხალხიც ძალიან კეთილგანწყობილია. ფინალურ ეტაპზე, მართლაც საუკეთესო გუნდები გავიდნენ. საბოლოოდ კი, უძლიერესი გაიმარჯვებს. „ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. შევეცდებით, ჩვენს პირველ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ „იბერია სტართანაც“ გვითამაშია და მინდა ვთქვა, რომ ძალზე ღირსეული გუნდია.“

ამის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში „იბერია სტარის“ მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე სარქისიანი და „დინამო“ მოსკოვის თავკაცი - ფაუსტინო პერესი გამოცხადდნენ.

„იბერია სტარის“ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ჩვენი გუნდი მზადაა საბრძოლველად და გულშემატკივრებს სპორტის სასახლეში მოსვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენი დიდი სურვილია, სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშოთ და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა ვიგრძნოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან კარგი თამაში იქნება. შანსები კი, თანაბარია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხვალ ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვითამაშებთ“ - განაცხადა სარქისიანმა.

ფაუსტინო პერესი: „ჩვენი მეტოქის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, ქართულ გუნდს დიდ პატივს ვცემთ და წინდახედულება გვმართებს. მითუმეტეს, ბოლო დროს „იბერია სტარში“ ბევრი რამ შეიცვალა და ის ახლა, ფაქტიურად ახალი გუნდია.“

შეგახსენებთ, რომ უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალი ხვალ, 26 აპრილს დაიწყება. 18:00 საათზე, პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „იბერია სტარი“ და „დინამო“ შეხვდებიან. მეორე მატჩში კი, 20:30 წუთზე, „ბარსელონასა“ და „ქაირათის“ დაპირისპირებას ვიხილავთ.

დღის 3 საათიდან, სპორტის სასახლის წინ მოეწყობა გასართობი თამაშები გრეხეტბოლსა და მინი-ფეხბურთში. მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. გამარჯვებულებისთვის კი, კომპანია „ადიდასს“ პრიზები აქვს დაწესებული.

სფფ-ის პრესსამსახური